ასურეთში ტურიზმის განვითარებისათვის

თვითმმართველობის სკოლა ქვემო ქართლის სტუდენტებისთვის

განათლების მიღების შემდეგ მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელედ მუშაობის დასაწყებად სავალდებულოა თვითმმართველობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ტესტირებული გამოცდის ჩაბარება. ეს განსაკუთრებით რთულია არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის, რომლებიც კვოტირების სისტემით თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში არაიურიდიული სპეციალობებით იღებენ განათლებას.
საჯარო სამსახურის საკონკურსო გამოცდის ბარიერის დაძლევაში დახმარების მიზნით „მწვანე კავკასია“ და „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი“, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით, იწყებენ პროექტს თვითმმართველობის სკოლა ქვემო ქართლის სტუდენტებისთვის.
SSS17 - Copy2016 წლის გაზაფხულზე გამოცდილი ლექტორები მსმენელებს მოამზადებენ მუნიციპალურ კანონმდებლობაში, სპეციალურად მათთვის გამოცემული სახელმძღვანელოს მიხედვით. ტრენინგ-სემინარები ჩატარდება ქ.თბილისში, კვირაში სამჯერ, საღამოს საათებში. კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 4 კვირას. სასწავლო პროგრამა მოიცავს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ტესტირებულ გამოცდაზე ჩასაბარებელი კანონმდებლობის შესწავლას, რომლის გავლის შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ სერტიფიკატები. საუკეთესო მონაწილეები ივლის-აგვისტოში გაივლიან 1-თვიან სტაჟირებას ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების გამგეობებსა და საკრებულოების აპარატებში.
სასწავლო კურსის გავლის მსურველებმა უნდა გამოგზავნონ ელ-ფოსტაზე greencaucasus1999@gmail.com შემდეგი მონაცემები: მსურველის სახელი და გვარი; საცხოვრებელი ადგილის მისამართი; საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტა; უმაღლესი სასწავლებელი/ფაკულტეტი/კურსი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაეკონტაქტეთ პროექტის კოორდინატორს გიორგი აბულაძეს 598-677179.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 48 დასახლება მაღალმთიანის სტატუსს მიიღებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მთის განვითარების ეროვნული საბჭოსათვის 2015 წლის 14 დეკემბერს წარდგენილ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის პროექტში შეტანილია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 48 დასახლება: დაბა მანგლისი და სოფლები ზირბითი, ახალსოფელი, საფუძვრები, გოხნარი, პატარა თონეთი, დიდი თონეთი, ცხრაკუდაანი, მოხისი, ნავთიანი, მენკალისი, ივანოვკა, დიდი კლდეისი, პატარა კლდეისი, ალგეთი, ამლივი, ღვევი, ვანათი, დრე, ღოლოვანი, ორბეთი, პანტიანი, ახალი ირბითი, პირველი შამთა, მეორე შამთა, წვერი, წყლულეთი, დიდგორი, არხოტი, ზემო ჭინჭრიანი, ქვემო ჭინჭრიანი, ჯვრისხევი, კოდის წყარო, შეხვეტილა, დიდი ნამტვრიანი, პატარა ნამტვრიანი, ნაპილნარი, უგუდეთი, ვაკე, ქსოვრეთი, ქვემო ახალშენი,ზემო ახალშენი, იფნარა, ლიპა, ჯვარა, არდისუბანი, შიხილო. მათგან 6 სოფელში მოსახლეობა უკვე აღარ არის, მაგრამ თუ ვინმე მომავალში დასახლდა, ან საწარმო ამუშავდა, მიიღებს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით გათვალისწინებულ შეღავათებს.

აქამდე არსებული 1999 წლის 8 ივნისის კანონის „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ დანართით ასეთი სტატუსი არ ჰქონდა 17 დასახლებას: დაბა მანგლისი, ალგეთი,  ამლივი, ღვევი, ვანათი, ღოლოვანი, წვერი, წყლულეთი, ვაკე, ქსოვრეთი, ქვემო ახალშენი, ზემო ახალშენი, იფნარა, ლიპა, არდისუბანი, შიხილო და აბრამეთი. ძველი კანონის დანართში არსებული  დასახლებები: დიდი ირაგა, პატარა ირაგა, ჯიგრაშენი და ჭივჭავი არ აკმაყოფილებს მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მიერ მაღალმთიანი დასახლებების შეფასებისათვის შემუშავებულ კრიტერიუმებს და ნუსხაში არ არის  შეტანილი.  თუმცა,  „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში მათი შეტანის მიზანშეწონილობის საკითხის განსახილველად მთის განვითარების ეროვნულ საბჭოს, დასაბუთებული შუამდგომლობით, შეუძლია მიმართოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა.

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი დასახლებებს მიენიჭებათ მთავრობის დადგენილებით, ამის შემდეგ იქ მცხოვრებ მოქალაქეებს სტატუსს მიანიჭებს მუნიციპალიტეტის გამგებელი, „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის“ მიხედვით, რომელიც 29 ნოემბერს #591 დადგენილებით დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეიმუშავა, პარლამენტმა ის 2015 წლის 16 ივლისს მიიღო და ძალაში 2016 წლის 1 იანვრიდან შევა. ამ კანონით განისაზღვრა სოციალური შეღავათები, რომლითაც ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები მაღალმთიან დასახლებებში.

კანონის შესაბამისად, 2016 წლის 1 სექტემბრიდან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პენსიონერებს სოციალური დახმარების სახით,  ყოველთვიურად მიეცემათ დამატებითი თანხა – სახელმწიფო პენსიის არანაკლებ 20 პროცენტის ოდენობით. ასევე, სოციალური პაკეტის მიმღებ პირებს მიეცემათ ყოველთვიური დანამატი მათთვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტის 20 პროცენტის ოდენობით.

მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი, რომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2016 წლის 1 სექტემბრიდან მიიღებენ ყოველთვიურ დანამატს: ექიმები – სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით და  ექთნები – სახელმწიფო პენსიის ოდენობით.

კანონით გათვალისწინებულია მაღალმთიანი დასახლებებში 2016 წლის შემოდგომიდან მოსახლეობის გათბობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით ღონისძიებების განხორციელება ზამთრის პერიოდში (15 ოქტომბრიდან მომდევნო წლის 15 აპრილის ჩათვლით), რომლის თაობაზეც საქართველოს მთავრობა მიიღებს შესაბამის დადგენილებას. 2017 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო უზრუნველყოფს მაღალმთიან დასახლებაში საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური გადასახადის 50 პროცენტის ანაზღაურებას, მაგრამ არაუმეტეს 100 კვტ.სთ ელექტროენერგიისათვის გადასახდელი საფასურის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისთვის ფინანსური დახმარების გაწევის და სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს და დაამტკიცებს შესაბამის სახელმწიფო პროგრამას.

2016 წლის 1 იანვრიდან კანონის ძალაში შესვლის შემდეგ დაბადებული თითოეული ბავშვისათვის, რომლის მშობლები არიან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებნი, სახელმწიფო გასცემს ყოველთვიურ ფულად დახმარებას პირველი ბავშვისა და მეორე ბავშვისათვის 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად არანაკლებ 100 ლარის, მესამე და ყოველი შემდგომი ბავშვისათვის – 2 წლის განმავლობაში არანაკლებ 200 ლარის ოდენობით.

2016 წლის 1 სექტემბრიდან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულების მასწავლებლები მიიღებენ დანამატს საჯარო სკოლის მასწავლებელთა საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35 პროცენტის ოდენობით, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლები მიიღებენ დანამატს მათი შრომის ანაზღაურების არანაკლებ 35 პროცენტის ოდენობით, ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ან მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განსაზღვრულ შესაბამის პროგრამებში (მაგ. „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“) მონაწილე მასწავლებლებისათვის, რომლებიც პროგრამის ფარგლებში დასაქმებულნი არიან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, გათვალისწინებულია დანამატის გაცემა შრომის ანაზღაურების არანაკლებ 50 პროცენტის ოდენობით.

მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის, მრავალსექტორიანი საჯარო სკოლის მოსწავლისათვის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტისათვის ვაუჩერის ოდენობა გაიზრდება.

გარდა ამისა, მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებები ისარგებლებენ საშემოსავლო და ქონების გადასახადებში საგადასახადო შეღავათებით. შეღავათები გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსით საწარმოსა და მეწარმე ფიზიკური პირისათვის, რაც ნიშნავს საშემოსავლო, მოგებისა და ქონების გადასახადებისაგან გათავისუფლებას 10 წლის ვადით. ამასთან, გადასახადებისაგან გათავისუფლება მეწარმე ფიზიკური პირებისა და საწარმოებისათვის დაკავშირებული იქნება „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს“ სტატუსის მოპოვებასთან.  ასეთ სტატუსს მიანიჭებს საქართველოს მთავრობა.დვალთა

ნუნუ ნათობიძე ადგილობრივ ხელისუფლებას აკრიტიკებს

ნუნუ

ნუნუ ნათობიძე: “ინტერვიუს კი არ უნდა გაძლევდთ, გამგებლის იმპიჩმენტისათვის ხელმოწერებს უნდა ვაგროვებდე”

წყარო: “ქრონიკა+”  http://qronikaplus.ge/?p=7285

ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსები

სტუდია “რე”.   https://www.youtube.com/watch?v=e3I6_7fDaZQ

გადაცემაში მონაწილეობენ (მარცხნიდან მარჯვნივ):

  • ლევან ალაფიშვილი (საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის პროგრამის დირექტორი);
  • დავით ხოსრუაშვილი (თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის პრეზიდენტი;
  • ზვიად ქორიძე (გადაცემის წამყვანი):
  • გიორგი კაკაურიძე (ფინანსთა მინისტრის მოადგილე);
  • მამუკა აბულაძე (რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო)
  • სანდრო სვანიშვილი (UNDP ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში);

მამუკა აბულაძე-ხელი უნდა შეუწყონ ადგილობრივ ხელისუფლებაში ახალი, პროგრესულად მოაზროვნე თაობის მოსვლას, მანამდე, პირდაპირ გეტყვით, არაფერი გვეშველება.

წარმატებული ექიმი და პუბლიცისტი მამუკა აბულაძე დღეს გაზეთ „დიდგორელები”-ს სტუმარია. რა პოზიციაზე დგას ამჟამად, როგორია მისი ხედვა ჩვენი რაიონის მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, აპირებს თუ არა მომავალ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ამ და სხვა კითხვებზე გვპასუხობს.

-ბატონო მამუკა, ალბათ ბევრმა რიგითმა მოსახლემ არ იცის ამჟამად სად მუშაობთ, სად მოღmamuka1ვაწეობთ. ვფიქრობ უინტერესო არ იქნებოდა მოგვიყვეთ თქვენი საქმიანობის შესახებ?

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო პროგრამით ადგილობრივი თვითმმართველობის დაპირებული რეფორმის განხორციელება დაიწყო. რამდენადააც გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება მქონდა ამ სფეროში, მიმიწვიეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩეველთა საბჭოში, რომელიც ახალი ორგანული კანონის შექმნაზე მუშაობდა. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიღების შემდეგ ამ სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტში დავიწყე მუშაობა, რომელიც ძირითადად რეფორმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაზე მუშაობს. ჩვენ ვსწავლობთ ამ სფეროში რეფორმების უცხოურ გამოცდილებას, საამისოდ ხშირად ჩავდივარ ევროპაში, ძირითადად, პოლონეთში,  და ვცდილობთ ის თანდათან დავნერგოთ საქართველოში, რომ მუნიციპალიტეტებმა რაც შეიძლება უფრო ეფექტურად შეძლონ მოსახლეობის პრობლემებზე რეაგირება. ჩვენი გამოცდილება კი სასარგებლოა უკრაინელი კოლეგებისათვის და მის გასაზიარებლად ბოლო პერიოდში ხშირად მიწევს კიევში ჩასვლა.

სულ ახლახანს პარლამენტმა დაამტკიცა ჩვენს მიერ მომზადებული ცვლილებები ამ კოდექსში და შეიცვალა ორგანული კანონის ის თავი, რომელიც ეხება თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობას. ყველა მუნიციპალიტეტში დამკვიდრდება მოქალაქეთა მონაწილეობის ახალი ფორმები, რომელთაგან მნიშვნელოვანია დასახლებებში საერთო კრებების ჩატარებისა და მათ მიერ უფლებამოსილი წარმომადგენლების – რჩეულების  არჩევის წესები. დასახლების მცხოვრებლებს საერთო კრებებზე შეეძლებათ მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე დასვან მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები, უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა მათ გადაწყვეტაში. მოსახლეობის ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში უზრუნველყოფილი იქნება როგორც პირდაპირ, ასევე არჩეული საზოგადოებრივი წარმომადგენლების საშუალებით.

გარდა ამისა, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისაგან მუნიციპალიტეტების გამგებლებთან შეიქმნება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოები, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ ბიზნესთან მუნიციპალიტეტის თანამშრომლობას. გაფართოვდა იმ საკითხების არეალი, რომლებზეც მოსახლეობას შეეძლება, მუნიციპალიტეტს პეტიციის მეშვეობით მოსთხოვოს აქტუალური პრობლემის შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება. კანონპროექტით, დაკონკრეტებული და გამარტივებულია პეტიციის წარდგენის პროცედურები. ფაქტიურად, მოსახლეობას შეეძლება მუნიციპალურ ორგანოებს მიმართოს ყველა პრობლემურ საკითხზე, მუნიციპალიტეტი კი ვალდებული იქნება, განიხილოს ეს საკითხი და საჯაროდ გასცეს პასუხი პეტიციის ინიციატორებს.

გარდა ამისა, ავსტრიული გამოცდილების ადგილზე შესწავლის შემდეგ, ჩვენ მოვამზადეთ „მაღალმთიანი რეგიონების შესახებ“ კანონი რომელიც ითვალისწინებს მაღალმთიანი დასახლებების  განვითარების ღონისძიებებს, ასეთ დასახლებებში მდებარე საწარმოებისთვის საგადასახადო შეღავათები დაწესდება, ხოლო იქ მუდმივად მცხოვრები მოსახლეობა სოციალური შეღავათებს მიიღებს. სამწუხაროდ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლები ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მაღლა არ მდებარეობენ და ეს შეღავათები ჩვენს მოსახლეობაზე არ გავრცელდება.

-უკვე 2 წელია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს ახალი თვითმართველობა უდგას სათავეში, ვფიქრობ ეს საკმარისი დროა თქვენისთანა გამჭრიახი თვალის და გონების ადამიანმა შეაფასოს მათ მიერ განვლილი პერიოდი, იმედი გვაქვს როგორც ჩვენი რაიონის ერთ-ეღი ცნობადი სახე ყურადღებით ადევნებთ თვალყურს მიმდინარე მოვლენებს…

ყველაზე თვალსაჩინო სიახლე, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიღებით შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში, არის გამგებლების პირდაპირი არჩევნები. შარშან თეთრიწყაროს მოსახლეობამ გააკეთა არჩევანი და, კონკურენტებთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობით, ბესიკ წიკლაური აირჩია გამგებლად. საკრებულოს არჩევნებშიც ყოფილი მმართველი პარტია, რომელიც 10 წელი მართავდა მუნიციპალიტეტს, სერიოზულად დამარცხდა. ბატონ ბესიკსაც და საკრებულოს წევრებსაც ვუსურვებ, გაემართლებინოთ თეთრწყაროელთა ნდობა.

-თქვენ რომ თეთრიწყაროს თავკაცი ყოფილიყავით, პირველ რიგში რას გააკეთებდით მოსახლეობის საკეთილდღეოდ?

მიუხედავად აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციისა, არასოდეს მქონია სურვილი, მეხელმძღვანელა მუნიციპალიტეტისათვის, ან მისი წარმომადგენელი ვყოფილიყავი. ასეთი ამბიციები არც მაშინ მქონდა, როცა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ სამჯერ დამიძახეს და მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებაზე თანხმობა მთხოვეს. ჩემს ფუნქციას მე ყოველთვის ვხედავ საზოგადოების დემოკრატიულად გარდაქმნის პროცესისათვის ხელშეწყობაში. სამწუხაროდ, პოსტკომუნისტური მენტალობა დღეს ჩვენში, მ.შ. თეთრიწყაროში, ხელს უშლის პროგრესს, ადგილზე ფაქტიურად არ არსებობს სამოქაmamukaლაქო საზოგადოება. ეს აისახება კიდეც მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე, რისი შედეგიცაა უმუშევრობის მაღალი დონე და კულტურული ცხოვრების არარსებობა. თუ თეთრწყაროელებს სურთ უკეთესი მომავალი, ხელი უნდა შეუწყონ ადგილობრივ ხელისუფლებაში ახალი, პროგრესულად მოაზროვნე თაობის მოსვლას, მანამდე, პირდაპირ გეტყვით, არაფერი გვეშველება.

-რაიონში დღეისათვის კვლავ პრობლემად რჩება უმუშევრობა, დაბალი სოციალური ფონი. რას ფიქრობთ როდემე გვეშველება რამე?

არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეს“ პროექტში „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ ტრენერ-კონსულტანტად ვიყავი მიწვეული და, რა თქმა უნდა, ხალისით დავეხმარე სტუდენტების იმ გუნდს, რომლებმაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მდგომარეობა შეისწავლეს. ჩემი ხედვები,  თუ როგორ უნდა განვითარდეს ტურიზმის სფერო ადგილობრივი რესურსების გამოყენებით, დიდწილად აისახა მათ მიერ მომზადებულ პროექტში, რომელმაც კონკურსში გაიმარჯვა. სტუდენტები თეთრიწყაროში ამ პროექტის პრეზენტაციას შემოდგომაზე გააკეთებენ, სადაც ბიუჯეტის ცვლილებების კონკრეტული წინადადებები ექნებათ, რომლებითაც არსებული სახსრების ისეთი ოპტიმალური გამოყენება იქნება შესაძლებელი, რომ მუნიციპალიტეტში გადაწყდეს სასმელი წყლით მომარაგების პრობლემა, ასევე, ტურიზმის განვითარებისათვის საფუძველი შეიქმნას.

იმედია, ადგილობრივი ხელისუფლება ამ ხედვას გაითვალისწინებს. არც შემდგომში დავზარდები რჩევების მიცემაზე, თუ როგორ შეიძლება სამომავლოდ განვითარდეს ადგილობრივი ეკონომიკა. მაგრამ საამისოდ შესაფერისი საკადრო რესურსია საჭირო, რომელიც წინა ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად, ფაქტიურად, აქედან გადაიხვეწა და თუ ახლანდელმა მაინც არ შეუწყო ხელი ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდების დაბრუნებას და ადგილზე დამკვიდრებას, ეს იდეები მხოლოდ ოცნებად დარჩება.                                                                                                           

-კიდევ ერთი წელიც და საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადება აქტიურ ფაზაში შევა, რას ფიქრობთ ხომ არ აპირებთ მონაწილეობას და რომელ პარტიაში შეიძლება ვიხილოთ მამუკა აბულაძე?

მე ვისურვებდი, მომავალში მუნიციპალიტეტს სათავეში ჩაუდგეს ჩემი უფროსი ვაჟის, გიორგის თაობა, რომელიც აგრძელებს ჩემს საქმეს და წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. მიხარია, რომ ის არ იფარგლება მხოლოდ კარგ პროფესიონალ ექიმად ჩამოყალიბების მიზნით და ასევე გამოირჩევა თავისი საზოგადოებრივ-პოლიტიკური  აქტიურობით. წელს საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს და მეც ვცდილობ მის გვერდში ვიყო, ასე რომ, დღესდღეობით სხვებთან შედარებით უფრო პროგრესულად მოაზროვნეთა პარტიაში – რესპუბლიკელებში ვარ. მიუხედავად იმ მონაჩმახისა, რასაც პრორუსული პროპაგანდა ამ პარტიაზე თხზავს და ხალხში ავრცელებს, მინდა გითხრათ, რომ მათში ჩვენი სამშობლოს უკეთეს მომავალზე არაეგოისტურად გულშემატკივარი გაცილებით მეტი ადამიანი ვნახე, ვიდრე სხვაგან.

როგორც პარტიაში, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აღმოვჩნდი ძალიან კარგ გუნდში, თანამოაზრეებთან და ძალზე გულისხმიერ ადამიანებთან,  რაც ჩემთვის ძალიან ძვირფასია და მომავალში არ ვისურვებდი ამ ურთიერთობების კომფორტის დაკარგვას, ამიტომ არა მგონია, რაიმე სხვა პერსპექტივამ ისე მომხიბლოს, რომ ამას შეველიო. რა თქმა უნდა, მაქვს ნოსტალგია როგორც ჩემი პროფესიის, ისე თეთრიწყაროს მიმართ, მაგრამ დღევანდელი  დროის დინამიურობის გათვალისწინებითაც კი ვეჭვობ, რომ უახლოეს მომავალში დაბრუნება დავაპირო.

ესაუბრა ნინო ბექაური

წყარო: https://gazetididgorelebi.wordpress.com/2015/07/20/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90/

თეთრიწყაროს პრობლემები და პერსპექტივები

თეთრიწყარო ისტორიულად ცნობილია დასასვენებელი და სანახაობითი ტურიზმით. მაგალითად, დაბა მანგლისის ტურისტული მნიშვნელობა განპირობებულია განსაკუთრებული მიკროკლიმატით, რომელსაც ქმნის კავკასიის რეგიონში უკიდურესი სამხრეთის კავკასიური ფიჭვის ენდემის არსებობა.

მას შემდეგ, რაც გარემონტდა თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზა (56 კმ), დამსვენებელთა რაოდენობამ სეზონზე 7-8 ათასს მიაღწია. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ოთხასამდე ისტორიულ-კულტურული ძეგლია. ამჟამად თეთრიწყარო არ არის ჩართული რომელიმე ტურისტულ მარშრუტში და მხოლოდ სპონტანურად, სკოლებისა და სხვადასხვა დაწესებულებების მიერ ორგანიზებულ ექსკურსიებს მასპინძლობს.

აღნიშნული პოტენციალის ამოქმედება მთლიანად ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა დამოკიდებული, რომლის სათანადო დონეზე მოწყობა უპირველესი ამოცანაა ადგილობრივი ხელისუფლებისათვის. მათ შორის პრიორიტეტების გამოყოფა შეიძლება,მაგალითად  წყალით მომარაგება და გზის პრობლემა. წყალი ტექნიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს.

აქ შეიძლება გამოიყოს შემდეგი აქტორები:

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა არის მთავარი აქტორი, რომელზეც უშუალო გავლენას ახდენს პრობლემის გადაჭრა: მაგალითად, დადებითს, თუ წყალმომარაგების სისტემა გაუმჯობესდა, უარყოფითს, თუ მდგომარეობა არ შეიცვალა. შედეგად, მოსახლეობა წყლის დებეტის ნაკლებობის გარდა ტურისტული ბიზნესიდანაც ნაკლებ შემოსავალს მიიღებს, როგორც დამსვენებლებისთვის არამიმზიდველი რეგიონის მცხოვრები;

ადგილობრივი ხელისუფლება დაინტერესებულია წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებით, ასევე გზით რადგან მეტი ტურისტი რეგიონში გულისხმობს მეტ შემოსავალს ადგილობრივ ბიუჯეტში;

ადგილობრივი ბიზნესსექტორი და ტუროპერატორები დაინტერესებული არიან მიიღონ მეტი შემოსავალი და გააფართოონ თავიანთი საქმიანობის გეოგრაფიული არეალი. შესაბამისად, ისინი ემხრობიან პრობლემის რაც შეიძლება ეფექტურად და მოკლე დროში გადაწყვეტას;

ცენტრალური ხელისუფლება დაინტერესებულია გაიზარდოს ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი, რასაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს სოციალური პრობლემების გარკვეულწილად მოგვარება მუნიციპალიტეტის დონე მაინც;

დამსვენებლები უშუალოდ არიან დაინტერესებული გამართული ტექნიკური ინფრასტრუქტურით. ასეთ შემთხვევაში გაცილებით მეტი სტიმული და მოთხოვნილება ექნებათ, აირჩიონ დასასვენებლად სწორედ აღნიშნული ტურისტული ზონა.

სამწუხაროდ ჯერ კიდევ 2009 წელს,მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემა ამორტიზირებული იყო. გასულ საუკუნეში, დაახლოებით 50 წლის წინ აშენებული სისტემის მასალა – ძირითადად, კერამიკის მილები, ხშირად გამოდიოდა მწყობრიდან. მათი შეკეთება დროულად არ ხდებოდა და ხშირი იყო  შემთხვევები, როცა დროის გარკვეული მონაკვეთის მანძილ ავარიის გამო მოსახლეობას დაბინძურებული წყალი მიეწოდებოდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სისტემის ავარიული მდგომარეობის გამო წყალის გარკვეული რაოდენობა ყოველგვარი უტილიზაციის გარეშე იღვრებოდა  ქუჩებში.

არცთუ შორეულ წარსულში მოსახლეობას თვითონ უხდებოდა საკუთარი ძალებით წყლის სისტემის ლოკალური  მონაკვეთების შეკეთება.

თეთრიწყაროსა და მანგლისის, როგორც მნიშვნელოვანი საკურორტო ზონის, პოტენციალის შენარჩუნებისა და ადგილობრივი ტექნიკური ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, რომლის უმნიშვნელოვანეს ნაწილს მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემა წარმოადგენს, უპირველესი ამოცანაა ამ სისტემის გამართულ რეჟიმში მუშაობა. ეს შეიძლება განხორციელდეს ან მისი სრული რეაბილიტაციით ან წყალმომარაგების ახალი, თანამედროვე ქსელის შექმნით. ქ.თეთრიწყაროში 2011-12 წლებში „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ განახორციელა მასშტაბური პროექტი და  ქალაქის ამორტიზებული ქსელის ნაწილობრივი შეცვლა და, ასევე, მოსახლეობის გამრიცხველიანება მოახდინა.

თეთრიწყაროს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მიზნით მუნიციპალური განვითარების ფონდი გააგრძელებს სამუშაოებს. “საქართველოს მთავრობამ მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის II ეტაპის დასაფინანსებლად. აღნიშნული სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოთხსენებული სამუშაოების დასაფინანსებლად. ძირითადი სამუშაოები მოიცავს მიწის სამუშაოებს, ფოლადისა და პოლიეთილენის მილების მონტაჟს, ასფალტის საფარის მოწყობას, სადაწნეო მილსადენების შეცვლას, საქლორატორო შენობის და წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციას,” – ნათქვამია ამ ფონდის სატენდერო განცხადებაში.

http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/completed_tenders/&id=618

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტები:

ანა აბესაძე

ნინო ჭელიძე


ბლოგის სტატისტიკა

  • 13,625 მნახველი

დააწკაპუნე “Like”, თუ მოგწონს ეს ბლოგი

Follow თეთრიწყარო on WordPress.com

სტატიები

არქივი


გამოწერა

Get every new post delivered to your Inbox.

Join 4,433 other followers