„ითხოვე და მოგეცემა“…

 2011 წლის სექტემბერში ნაციონალურმა არხებმა  გაავრცელეს ინფორმაცია ქ. თეთრიწყაროში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით. ეს ფაქტი, იმის გათვალისწინებით, რომ თეთრიწყაროში სასმელი წყლის პრობლემა დიდი ხანია უმწვავესად დგას, ცხადია, ძალზე სასიხარულო გახლდათ, მითუმეტეს, რომ სიუჟეტში გარკვევით ისმის მინისტრის დაპირება, რომ „მთლიანად იცვლება ქალაქის შიდა ქსელი და უკვე მარტში თეთრიწყაროელებს ყოველდღიური წყალმომარაგება ექნებათ“. რეალურად კი პროექტი გულისხმობს მხოლოდ შემდეგი სახის სამუშაოების ჩატარებას: რეაბილიტაცია ქალაქის 14 ქუჩაზე და ცენტრალური მაგისტრალის მონაკვეთების რეაბილიტაციას: „მენქალისის“ წყაროებდან ვარხუნოს წყალმიმღებამდე 10989 მ-ზე ფოლადის მილით (D=219მმ) და „მებოცვრეობის“ წყაროდან ვარხუნოს წყალმიმღებამდე 6 150მ პოლიეთილენის მილით (D=75-90მმ). შესაბამისი დოკუმენტაცია იხილეთ ბმულზე: http://acsdg.ge/?filename=ge_15_09_2011_15_45_22.new&pathm=webmill/data/news//&lng=ge_&more=1&c=&page=home

ჩვენი ორგანიზაცია, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (სსსგა), სარეაბილიტაციო პროექტის დაწყებიდანვე ახორციელებს მის მონიტორინგს. ასოციაცია არის „საქართველოს მწვანე ქსელის“ წევრი და ვთანამშროლობთ საქართველოში მომუშავე არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, შესაბამისად, ჩვენ ვფლობდით ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში (ფოთში, ქუთაისში, აბაშაში) განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის სასმელი წყლის სარეაბილიტაციოსაც, რომელიც განხორციელდა სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის დაფინანსებით, რეალური შედეგი არ მოჰყოლია.

ამან შექმნა სარეაბილიტაციო პროექტის მონიტორინგის საჭიროება,  რომლის განხორციელების საშუალება მოგვცა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამამ, საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში (G-PAC), რისთვისაც მათ მადლობას ვუხდით.

ქ. თეთრიწყაროს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ სარეაბილიტაციო პროექტი, რომელიც ქალაქის ქსელის ნაწილობრივ რეაბილიტაციას გულისხმობს, არის ერთ-ერთი იმ 26-დან, რომლებიც ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB)  მიერ საქართველოსთვის გაცემული სესხის (40 მილიონი ევრო) ფარგლებში. მისი მიზანია საქართველოს 26 ქალაქში წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია და შედეგად მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება.

ქ. თეთრიწყაროში განხორციელებული სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო პროექტის მთლიანი ღირებულება არის 2051225,98 ლარი და როგორც ჩვენთან შეხვედრისას აღნიშნა თეთრიწყაროს მინიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა, ამას კიდევ ემატება 100000 ლარი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.

პროექტს ახორციელებენ მუნიციპალური განვითარების ფონდი და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია. სამუშაოებს ასრულებენ შპს „ბელდინვესტი“ და შპს „მშენებელი 80“.

თეთრიწყაროში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელება არის ის შანსი, რომელმაც გონივრული ორგანიზების შემთხვევაში მთლიანად თუ ვერა, პრობლემის ის ნაწილი მაინც უნდა მოაგვაროს, რაც რეაბილიტაციის შემდგომი გაგრძელების საშუალებას მოგვცემს, ანუ იმ კომპლექსური პრობლემიდან რასაც ზოგადად თეთრიწყაროში სასმელი წყლის პრობლემა ჰქვია – ქალაქის სასმელი წყლის მთლიანი ქსელის გამოცვლა, სათაო ნაგებობების რეაბილიტაცია, დებეტის გაზრდა, ცენტრალური მაგისტრალების რეაბილიტაცია, საკანალიზაციო და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია ერთ-ერთი მაინც უნდა მოაგვაროს. ამდენად მნიშვნელოვანია, პროექტი დაგეგმილი იყოს საჭიროებებისა და პრიორიტეტულობის შესაბამისად.

სამწუხაროდ, პროექტის არამართებულ დაგეგმარებაზე (რაც მისი გაჭიანურების მიზეზიცაა) არაერთი ფაქტი მიუთითებს:

  1. მკაცრ კლიმატურ ზონაში მყოფ ქალაქში სამშენებლო სამუშაოების ვადები თავდაპირველად იყო: 2011წ 2 სექტემბერი – 2012წ 2 მარტი. ვადები, ცხადია, დაირღვა და დასრულების ვადამ 31 მაისამდე გადაიწია. სამაგიეროდ თეთრიწყაროელების იმ ქუჩების მაცხოვრებლებს, რომელიც სარეაბილიტაციოთა ნუსხაში შევიდა, მთელი ზამთარი გადათხრილი და ატალახებული ქუჩებით სარგებლობა მოუწიათ.
  2. სარეაბილიტაციო ქუჩების ნუსხა შედგენილია საჭიროების მაჩვენებელი კრიტერიუმის გაუთვალისწინებლად, ნუსხაში ვერ მოხვდა ისეთი ქუჩები, რომელთაც „უკიდურესი საჭიროება“ გააჩნია (http://www.acsdg.ge/webmill/data/file/danarti%202.pdf) ეს საეჭვოს ხდის პროექტის ეფექტურობას;
  3. მართებული დაგეგმარების შემთხვევაში რეაბილიტირებულ სისტემას ჯერ უნდა გაევლო ტესტირება და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოქცეულიყო ის მიწის ქვეშ. იმ შემთხვევაში, თუ სრული დატვირთვისას სისტემას ექნება ხარვეზი, ის არაერთი დისკომფორტის მიზეზი აღმოჩნდება როგორც განმახორციელებლების, ასევე ბენეფიციარებისთვისაც.
  4. რეაბილიტაციის შემდგომ ქუჩების პირვანდელ მდგომარეობამდე მიყვანზე არცერთი უწყება არ იღებს პასუხისმგებლობას, შედეგად, რეაბილიტირებულ ქუჩებზე დატოვებული დიდი ქვის ლოდების გამო ტრანსპორტით გადაადგილება ძალზე შეზღუდული, ხოლო წვიმიან ამინდში, უბრალოდ, შეუძლებელია.
  5. არ ჩატარებულა სასმელ წყალთან დაკავშირებული საჭიროებების წინასწარი შეფასება,  წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან არაერთგზის მოთხოვნის შემდეგ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ამ დოკუმენტს მოგვაწოდებდა, ან მისი წარმომადგენლები არ მოერიდებოდნენ ჩვენთან შეხვედრასა და პრობლემაზე საუბარს.

უწყების რეპუტაციაზე ასევე უარყოფითად მოქმედებს ის გარემოებაც, რომ სასმელი წყლის მრიცხველების არასწორი მონტაჟის გამო ქალაქის მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშე უმძიმეს პირობებში აღმოჩნდა მთელი ზამთრის განმავლობაში.

საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წ. სახელმწიფო სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი მონაწილეობის პრინციპია, რაც გულისხმობს მისი დაგეგმვის, მიღების, განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესის საჯაროობას, ამ პროცესში მოქალაქეების, დაინტერესებული მხარეების, ორგანიზაციებისა და სხვადასხვა სოციალური ჯგუფების ჩართვას. ხოლო ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) ექვემდებარება ორჰუსის კონვენციის რეგულაციებს, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, საზოგადოების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და გარემოსდაცვით საკითხებზე სამართლიან ხელმისაწვდომობას.

სამწუხაროდ, სახელმწიფო უწყებები, რომლებიც სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესებას ტელეეთერიდან გვპრდებოდნენ, რეალურად საკმაოდ დახურულები არიან. იმის გამო, რომ რეაბილიტაცია ხორციელდება საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, ჩვენ არ მოგვეცა საშუალება გავცნობოდით პროექტს.

ქ. თეთრიწყაროში მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტის მაგალითზე სრულად ირღვევა როგორც ერთი, ასევე მოერე პრინციპი – არც დაგეგმვის და არც განხოციელების ეტაპზე მოქალაქეები, დანტერესებული მხარეები, საზოგადოება პროექტში ჩართული არ ყოფილა. მეტიც – ბევრი კითხვა, რომელიც აწუხებს დღეს ქ. თეთრიწყაროს მოსახლოებას, კვლავ პასუხგაუცემელი, ხოლო ინფორმაცია ხელმიუწვდომელია.

იმისათვის, რომ სარეაბილიტაციო ქუჩების ჩამონათვალისა (რასაც გვაწოდებდა ყველა უწყება ჩვენს მიერ პროექტის თაობაზე დასმულ კითხვებზე პასუხად და რაც თავიდანვე, ტენდერის გამოცხადებიდანვე ისედაც ცნობილი იყო) და პროექტის ღირებულების გარდა კიდევ სხვა ინფორმაცია მიგვეღო, ჩვენ დახმარებისათვის მივმართეთ EIB-ს, რომლის ჩარევის შედეგადაც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ჩვენთან ურთიერთობის სურვილი გამოთქვა.

ამის მიუხედავად ჩვენ დღემდე ვერ მივიღეთ შეფასების დოკუმენტი, რომელიც ნათელს გახდიდა იმ ფაქტს, თუ რა კრიტერიუმით შეირჩა თავდაპირველი 14 ქუჩა სარეაბილიტაციოთა ნუსხაში, რომელსაც შემდგომ კიდევ დაემატა 3 ქუჩა. არადა ქალაქში 85-ზე მეტი ქუჩაა (ქუჩების ზუსტი ჩამონათვალი ხელმიუწვდომელია) და აქედან უმეტესობას „კრიტიკული საჭიროება“ გააჩნია; ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე, თუ რატომ მოხდა ნაწილობრივი რეაბილიტაცია ლესელიძის ქუჩაზე. ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ შეეხო რეაბილიტაცია სასმელი წყლის სათაო ნაგებობებს, რომელთა ვიზუალური დათვალიერებითაც კი ცხადია, რომ მათი მდგომარეობა არ შეესაბამება (ძალზე შორსაა) საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს. ასევე გაუგებარია იგეგმება თუ არა წყლის დებეტის გასაზრდელად ახალი წყაროების ძიება.

თუმცა, ადგილობრივი სახელმწიფო მოხელეები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება ქ. თეთრიწყაროს მთლიანი ქსელის რეაბილიტაცია. ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია მუნიციპალური განვითარების ფონდიდან და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ქ. თეთრიწყაროში 2012-2014 წლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების თაობაზე და მიღებულ პასუხებში ქალაქის ქსელის რეაბილიტაცია ნახსენები არ გახლავთ. ცუდი იქნება, თუ ამჯერადაც ცრუ მოლოდინების გაჩენასთან გვაქვს საქმე.

მონიტორინგის ფარგლებში ჩატარდა მოსახლეობის გამოკითხვა მათი განწყობების, მოლოდინებისა და აქტივობის დონის დასადგენად (კვლევა შეგიძლიათ იხილით ჩვენს ვებ-გვერდზე www.acsdg.ge). კითხვარში შევიტანეთ პუნქტი, სადაც რესპონდენტს სახელი და გვარი უნდა მიეთითებინა, თუმცა სავალდებულო არ იყო. პუნქტის ასეთი ფორმულირება საჭიროდ მივიჩნიეთ მოსახლეობის გახსნილობის დონის დასადგენად. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ისეთ სასიცოცხლო თემაზე საუბრისას, როგორიც გახლავთ სასმელი წყალი, გამოკითხულ მოქალაქეთა 53% სახელსა და გვარს არ ასახელებს. თუმცა, ამავე დროს, კითხვაზე, თუ საიდან მიიღეს პირველი ინფორმაცია სარეაბილიტაციო პროექტის თაობაზე, ზოგი „გამგეობას“ ასახელებს, ზოგი კი „მერიას“ და იქ ჩატარებულ შეხვედრას, სადაც, როგორც გამგებლის რწმუნებულმა გვითხრა (როგორც ჩანს არა მხოლოდ ჩვენ), ჩაატარა მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა სწორედ სასმელი წყლის სარებილიტაციო პროექტზე ინფორმაციის მისაწოდებლად. თუმცა, თითოეული ის მოქალაქე, რომელიც მათივე თქმით ესწრებოდნენ აღნიშნულ საინფორმაციო შეხვედრას, არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა პროექტის თაობაზე, რაც დადასტურდა გამოკითხვით: კითხვაზე – თუ რა იციან პროექტის თაობაზე, ისინი პასუხობენ: „ყველაფერი კარგად იქნება“, „გვექნება 24 საათიანი წყალი“, „არაფერი ვიცი“ და ა.შ.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელმა ჩვენთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საკრებულო არ ჩაიბარებს შესრულებულ სამუშაოს იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა კმაყოფილი არ იქნება. საინტერესოა, რა კრიტერიუმით გაიზომება მოსახლეობის კმაყოფილების დონე, თუ რეაბილიტაციამდე საჭიროებები არ შეფასებულა.

მთავარი კითხვა: სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელების შემდეგ გახდება თუ არა წყალი ხელმისაწვდომი ქ. თეთრიწყაროს მოსახლეობისთვის, გაუმჯობესდება მათი საყოფაცხოვრებო პირობები თუ არა, კვლავ პასუხგაუცემელია.

ერთი რამ ფაქტია: თუ ჩვენ თვითონ, მოქალაქეები არ გავაცნობიერებთ,  რომ სასმელი წყალზე ხელმისაწვდომობა გულისხმობს მისი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და უწყვეტობის უზრუნველყოფას, ვიდრე კმაყოფილი ვიქნებით კვირაში 1-ხელ ან 2-ჯერ 2-2 საათით „გამოშვებული“ წყლით, ვიდრე არ გავაცნობიერებთ, რომ სასმელი წყალი ჩვენი სასიცოცხლო გარემოა და არა პოლიტიკური შინაარსის მოთხოვნა, მანამდე ჩვენ სასმელი წყალი არ გვექნება.

დაპირება, რომელიც ხელისუფლებამ ქ. თეთრიწყაროს მოსახლეობას მისცა 2011 წლის სექტემბერში სასმელ წყალთან დაკავშირებით, ხორციელდება იმ ფინანსური რესურსით, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ვალად აიღო და ამ პროექტის (და კიდევ დანარჩენი 25 პროექტის) მართებულ განხორციელებაზეა დამოკიდებული შემდგომში როგორც ჩვენი სასმელი წყლის არსებობა-არარსებობა, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპული რეპუტაციაც და ჩვენი მომავალი თაობის კეთილდღეობაც.

და რაც მთავარია, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენს მიერ არჩეული ხელისუფლება (ადგილობრივიცა და ცენტრალურიც) ჩვენს წინაშე არ იგრძნობს თავს ანგარიშვალდებულად, თუ ამას ჩვენ თვითონ არ მოვთხოვთ.

 გულიკო შოშიტაშვილი

Advertisements

0 Responses to “„ითხოვე და მოგეცემა“…”



  1. კომენტარის დატოვება

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s




ბლოგის სტატისტიკა

  • 17,019 მნახველი
Follow თეთრიწყარო on WordPress.com

სტატიები

არქივი

Advertisements

%d bloggers like this: