ოპერაცია „ცისკარა“

 

გამოუშვებს თუ არა წყალს გველეშაპი თეთრიწყაროში? როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სექტემბერში დაგვპირდა, გველეშაპს მარტში უკვე ყოველდღე უნდა გამოეშვა წყალი, მაგრამ ჯერ არც წყალი ჩანს და არც ცისკარა. ფაქტია, რომ ეს პერსონაჟი ჯერაც აქტუალურია და როგორც ვვარაუდობთ, არა მარტო ჩვენთან.

საქართველოს 26 ქალაქში ქვეყნის მთავრობასა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის შეთანხმების საფუძველზე გამოყოფილი 40 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტით ხორციელდება პროექტი „წყლის ინფრასტრუქტურის განახლება“ (WIMP). ის 2013 წელს უნდა დამთავრდეს და შედეგად მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობები უნდა გაუმჯობესდეს. აქედან ერთ-ერთი ქალაქი თეთრიწყაროა. აქ სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია 2011 წლის სექტემბერში დაიწყო(დასრულების ვადა იყო 2 მარტი, შემდგომ – 31 მაისი) და მას ახორციელებენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია (გწკ) და მუნიციპალური განვითარების ფონდი (მგფ), სამუშაოებს ასრულებენ შპს „ბელდინვესტი“ და შპს „მშენებელი 80“. პროექტის ღირებულებაა 2051211,71 ლარი (ორი მილიონ ორმოცდათერთმეტიათას ორას თერთმეტი ლარი და 71 თეთრი).

ვინაიდან სასმელი წყლის პრობლემა ქალაქში საკმაოდ ხანდაზმული და შესაბამისად, ძალზე მწვავეა, სარებილიტაციო პროექტმა კი ქალაქის მხოლოდ 16% მოიცვა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ტელედაპირებაცა და პროექტის მართებული განხორციელების პერსპექტივაც მაშინვე ეჭვქვეშ დადგა, როგორც კი დაინტერესებულ საზოგადოებას განმახორციელებელმა უწყებებმა პროექტის გაცნობაზე უარი უთხრეს. მითუმეტეს, რომ პროექტის დონორი მის მიერ დაფინანსებულ საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობას მნიშვნელოვლად მიიჩნევს. თანაც მანამდე ასეთივე სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელების უშედეგო მაგალითები გვქონდა ქუთაისში, ფოთსა და აბაშაში. უამარავ კითხვას, რაც ამ პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობაში გაჩნდა, პასუხი არ გაეცა, ადგილობრივი მმართველობა და თვითმმართველობა გვერდზე გადგა და თეთრიწყაროელები მართლაც ცისკარას იმედად დატოვეს.

ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ (საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია ACSDG) ინფორმაციის მიღებაში დახმარებისთვის EIB-ს მიმართა, რის შემდეგაც გწკ-მ თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ორიოდე წერილის გაცვლა-გამოცვლის შემდეგ უწყებამ იმ მოტივით, რომ საზოგადოების ინტერესი სარეაბილიტაციო პროექტის მიმართ დიდია, ხოლო ასეთი მიმოწერა კი არაპროდუქტიული (ეს მათი სიტყვებია სატელეფონო საუბრისას), სასუბროდ მიგვიწვია. ეს წინადადება გწკ-ის მხრიდან საზოგადოებასთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად წინ გადადგმულ ნაბიჯად მივიჩნიეთ და სიხარულით დავთანხმდით, დავთქვით დრო და სამუშაო ვითარების მოლოდინითა და კონსტრუქციული საუბრის იმედით აღვსილი მოვემზადეთ უწყებაში სავიზიტოდ.

შეხვედრა 2012 წლის 14 მაისს, გწკ-ის ცენტრალურ ოფისში, თბილისში, პოლიტკოვსკაიას 5-ში შედგა.

კომპანიაში მისულს (შეხვედრაზე ასოციაციიდან თქვენი მონა-მორჩილი გახლდით), მასპინძელი მეორე სართულზე ამიძღვა და სრულიად მოულოდნელად ხალხმრავალ ოთახში ამოვყავი თავი. ეს იყო გწკ-ის პროექტირების დეპარტამენტის ერთ-ერთი სამუშაო ოთახი, რომელშიც ჩვეულებრივი სამუშაო ვითარება სუფევდა -12-მდე ადამიანი იმყოფებოდა და ყველა თავის საქმეს აკეთებდა. კედელთან მდგარ უამრავი ქაღალდით სავსე მაგიდასთან მიდგმულ სკამზე მიმითითეს და ასე აღმოვჩნდი პროექტირების დეპარტამენტის ერთ-ერთი სპეციალისტის პირისპირ და დანარჩენი ოთახისკენ კი ზურგით, რამაც სამუშაო შეხვედრისთვის საჭირო პათოსი სრუილად მომისპო. არანკლებად გაოცებული ჩანდა სპეციალისტი, რადგან შეხვედრის მიზეზიცა და მის უწყებასთან ჩვენი მიმოწერის ამბავიც იქვე ჩემგან გაიგო.

ვინაიდან სახეზე იყო უწყებაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში ადრეფეოდალური ხანის წეს-ჩვეულებები, მივხვდი, რომ არავინ აპირებდა ჩემს წარმოდგენებში არსებული წესით სამუშაო შეხვედრის მოწყობას (ცივილურ წესს ვგულისხმობ) და ჩვენს მიერ წინასწარ მომზადებული საკითხების განხილვას, თანაც, წინასწარ ჩამოწერილი კითხვების ნუსხის ამოღება საქაღალდიდან ვერ მოვახერხე, რადგან საქაღალდე ჩანთაზე მედო, ხოლო ჩანთა მუხლებზე და მათი მოთავსების სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობდა, ამიტომ გადავწყვიტე, მოცემულობას შევგუებოდი და პასუხგაუცემელი კითხვები მაინც დამესვა (ჯანდაბას, თუ რომელიმე არ გამახსენდებოდა).

კითხვა: რეაბილიტაციის დაწყებამდე შეიქმნა თუ არა შეფასების დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ქალაქის სასმელი წყლის ქსელის საერთო მდგომარეობა და მითითებულია ის კრიტერიუმები, რომლითაც შეირჩა სარეაბილიტაციო 14 ქუჩა (ქალაქში 86-მდე ქუჩაა, თუმცა ოფიციალური რაოდენობა ქალაქის მერიას არა აქვს). ჩვენი გამოკითხვით რეაბილიტაციის საჭიროება სხვა მრავალ ქუჩასაც აქვს.

პასუხი: ეს დოკუმენტია გწკ-ის სერვისცენტრში არსებული ავარიების აღრიცხვის ჟურნალი. ქუჩები შეირჩა იმის მიხედვით, სადაც მეტი ავარიაა დაფიქსირებული.

კითხვა: რატომ ხდება ქუჩების ნაწილობრივი რეაბილიტაცია (მაგალითად გორგასალის, ლესელიძის, გამსახურდიას, წერეთლის, ბარნოვის)?

პასუხი: იცვლება მხოლოდ დაზიანებული უბნები.

 კითხვა: ყველამ ვიცით, რომ არსებობს სასმელი წყლის დებეტის დეფიციტი. სარეაბილიტაციო თანხით რატომ არ ხდება ახალი წყაროების მოძებნა დებეტის შესავსებად, ან რატომ არ ხდება სათაო ნაგებობების რეაბილიტაცია, ჩვენი აზრით, არც მათი მდგომარეობა შეესაბამება საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ სანიტარულ ნორმებს.

პასუხი: სათაო ნაგებობა არ საჭიროებს რეაბილიტაციას და დებეტს რაც შეეხება – თეთრიწყაროს მოსახლეობას აქვს იმაზე მეტი წყალი, ვიდრე ეს გათვალისწინებულია სტანდარტის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე, კერძოდ – სტანდარტის მიხედვით 1 ადამიანზე გათვალისწინებულია 150 ლ. წყალი დღე-ღამეში, თეთრიწყაროში კი 1 ადამიანი დღე-ღამეში იღებს 300 ლ. წყალს.

ამ პასუხის გაგონებამ სიმწრით შენარჩუნებული სიმშვიდე უკვე საბოლოოდ დამაკარგვინა (მეც ხომ ადამიანი ვარ!) და ჩავეკითხე პროექტირების დეპარტამენტის სპეციალისტს:

კითხვა: თქვენ ამბობთ, რომ თეთრიწყაროელ მოქალაქეს იმაზე მეტი წყალი აქვს, ვიდრე ეს სტანდარტითაა გათვალისწინებული?!

პასუხი: დიახ, ნამდვილად ასეა. საქმე ისაა, რომ ქსელი არის ამორტიზირებული და გვაქვს დიდი დანაკარგი, თორემ წყალი საკმარისზე მეტია.

კითხვა: ყოფილხართ თეთრიწყაროში?

პასუხი: არასოდეს.

ამის შემდეგ ჩვენს საუბარში ჩაერთნენ სხვა თანამშრომლებიც, რომლებმაც დელიკატურად მიუთითეს ჩემს რესპონდენტს, რომ არც თუ ჭკვიანური რამე თქვა და შეეცადნენ გულდასმით აეხსნათ, რომ ეს პროექტი არაფერია (არადა ბიუჯეტი შთმბეჭდავია არა?..), ახლა იგეგემება მთლიანი ქსელის რეაბილიტაცია და „სულ მალე თეთრიწყაროს ყოველდღიური წყალმომარაგება ექნება“ – ციტატა ნიკოლაიშვილის ტელედაპირებიდან.

ამის შემდეგ რატომღაც ყველამ გადაწყვიტა ჩვენს საუბარში ჩართვა, ყველა რაღაცას მიხსნიდა და რას, ვერ გავიგე, რადგან შეუძლებელი იყო – ერთმა ქალბატონმა ბუკლეტიც კი გამომიწოდა – გწკ-ის საქმიანობა აქ წერია და გაეცანით, აქ მოსვლით რომ აღარ შეწუხდეთო (თითქოს ჩემი სურვილით ვყოფილიყავი იქ მისული), რაზედაც მოვახერხე და ვუპასუხე, რომ ეგ მოძველებული ინფორმაციაა, რომელიც დევს გწკ-ის ვებ-გვერდზეც და მისი ხანდაზმულობა კრიტიკას ვერ უძლებს. ამის სადემინსტრაციოდ შევთავაზე იქვე ერთად გვენახა ეს გვერდი, მაგრამ არ მოინდომეს, რატომღაც. თანაც ახალი კითხვების წვიმა წამოვიდა: რაში მაინტერესებს რა თანხით იგეგმება რეაბილიტაცია, რა შუშია ევროპის საინვესტიციო ბანკი? ააა – აი თურმე რა აინტერესებს არასამთავრობოებს – თანხების რაოდენობა!..

მე, ცხადია, ყველა კითხვაზე ერთად პასუხის გაცემა და აჟიტირებული თანამშრომლების მოგერიება ძალიან გამიჭირდა, ამიტომაც თავდასაცავად მივმართე ჩემი აზრით ყველაზე ეფექტურსა და ნაღდ ფრაზას: „მე მაქვს უფლება მოვითხოვო ინფორმაცია ჩემი საცხოვრებელი გარემოს შესახებ და მაქვს უფლება ვიცოდე რა ხარისხის წყალს ვსვამ!“ მაგრამ აი აქ შევცდი – არც ამან იმუშავა! პირიქით: ჯგუფს გამოეყო ერთი სოლიდური ასაკის ბატონი და სათვალის ზემოდან მკაცრი (არა, უმკაცრესი!) მზერა და კითხვა „რა პრეტენზია გაქვთ წყლის ხარისხთან?!“ ერთდროულად მტყორცნა! ვუპასუხე, რომ ეს სხვა თემაა და ახლა ამაზე არ ვსაუბრობთ, თუმცა უშედეგოდ… ბატონმა მეტი დამაჯერებლობისათვის და ჩემი პასუხის უგულველსაყოფად კითხვა ისევ გაიმეორა (ამ ეპიზოდს ძალიან მოუხდებოდა ფრაზა – „შარზე ხომ არა ხარ?!“)… ჩემი იქ ყოფნა დრამატულად რომ არ დასრულებულიყო, მივხვდი, რომ სასწრაფოდ უნდა გავცლოდი იქურობას. წამოვდექი (ამ ხნის მანძილზე მე ისევ ვიჯექი ოთახის შუაგულისკენ ზურგით და ყველა დანარჩენი ფეხზე იდგა ჩემს წინ) და სიტყვებით: „ჩემთვის ყველაფერი გასაგებია“ იქაურობის დატოვება დავაპირე, თუმცა, არც ეს გამომივიდა – მასპინძლის დაპირებამ, უფრო კომპეტენტურ ადამიანთან დაგალაპარაკებთო, შემაყოვნა, ოღონდ ერთი პირობით – თუ წყალს დამალევინებთ მეთქი…

მეტი დეტალებით რომ არ დაგღალოთ, მოკლედ გეტყვით, რომ ამის შემდეგ გვერდზე ოთახში (ასევე ჩვეულებრივ სამუშაო ოთახში, ოღონდ შედარებით ნაკლები ხალხით) აღმოვჩნდი სხვა ბატონთან, რომელმაც ჩემთვის დაკარგა დიდი დრო და რესურსი, რისთვისაც მას კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი, თუმცა საჭიროდ არ ჩათვალა დაინტერესებულიყო ჩემი იქ მისვლის მიზეზით, ეტიკეტით გათვალისწინებული საჩუქრად მიტანილი ბუკლეტიც ხელში შემეყინა – მანიშნა, რომ არ აინტერესებდა და ამას ამჯობინა აეხსნა, თუ როგორ იპოვეს მიწისქვეშა წყლები თეთრიწყაროში სათაო ნაგებობის მიმდებარედ (ისე, საინტერესოა, აქვე გვქონია მიწისქვეშა წყლები, არადა თეთრიწყაროს არცერთ მთავრობას აზრადაც არ მოსვლია მათი აქვე ძებნა, არადა კომუნისტების დროს ჭივჭავიდან ქაჩავდნენ სასმელ წყალს) და დავერწმუნებინე, რომ სულ მალე სასმელი წყლის დეფიციტი აღარ იქნება, ვინაიდან ამ ჭაბურღილებით იმაზე მეტი წყლის მოპოვება იქნება შესაძლებელი, ვიდრე ესაჭიროება ერთ სულ მოსახლეს. და თანაც არც თანხა დაუმალავს – ამ ჭაბურღილების მოწყობა მის კომპანიას 200 000 ლარი დაჯდომია.

მანვე დამანახა (легким движением руки) ლოგიკური კავშირი გამრიცხველიანებასა და სასმელი წყლის ახალ ტარიფს შორის (1 ტ=0.50 ლ) და დამარწმუნა, რომ ყველაზე იაფი სასმელი წყალი საქართველოშია.

ამ ბატონთან მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე კითხვები აღარ დამისვამს, ვინაიდან ცხადი იყო, რომ ეს თემა ძალზე ძაბავდა სიტუაციას. ჩემს შეკითხვაზე, თუ როდის, რა ვადებში, რა თანხითა და რა მასშტაბით იგეგმება მთლიანი ქსელის რეაბილიტაცია თეთრიწყაროში, რომელსაც აქ მპირდებოდნენ და თეთრიწყაროში კი უკვე კარგა ხანია მოსახლეობას პირდება ყველა ჩინოვნიკი, მითხრეს, რომ ეს პროექტი ჯერ მომზადების სტადიაშია (ანუ იდეის დონეზე), შემდეგ ის უნდა გადაეცეს მუნიციპალური განვითარების ფონდს, ამის შემდეგ ის უნდა დაელოდოს დაფინანსების რიგს, ეს რიგი კი საკმაოდ გრძელია, საქართველოში მარტო თეთრიწყარო არ ცხოვრობს უწყლოდ. ხოლო დაფინანსება სავარაუდოდ ისევ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან იქნება (თუ კიდევ გვენდნენ, ცხადია). შემდეგ უნდა გამოცხადდეს ტენდერი. იმედია, ისევ „ბელდინვესტი“ და „მშენებელი 80“ გაიმარჯვებენ – სპეციალისტები არიან (ავტორი)! და აი მერე დაიწყება მთლიანი ქსელის რეაბილიტაცია.

თეთრიწყაროში პროექტი 31 მაისს დასრულდება, ნაწილობრივ რეაბილიტირებული ქუჩები ქვის ლოდებით სავსეა და ტრანსპორტის გადაადგილება მათზე შეუძლებელია, თავახდილი და წყლით სავსეა ჭები, წყლის მიწოდება არ გაუმჯობესებულა და მოსახლეობა მას ისევ კვირაში 2-ჯერ, 2-2 საათით იღებს (მთელი ზამთარი რომ საერთოდ უწყლოდ იყო ქალაქი, ეს რატომღაც არ ითვლება).

ოპერაცია „ცისკარაც“ ჩაგვივარდა და თანაც, ვერ მივხვდი, საერთოდ რატომ დაგვპატიჟეს სასაუბროდ? ასევე გაუგებარია რისთვის აიღო ქვეყანამ 40 მილიონიანი ვალი – მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად თუ რომელიღაცა უწყების დანაკარგების შესამცირებლად?

ისე რომ, „წყალზეა დაწერილი“ თუ არა მინისტრის დაპირება და არის თუ არა სანდო პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისთვის უწყება, რომელიც საზოგადოებასთან ასეთი ფორმით ურთიერთობს – თავად გადაწყვიტეთ.

გულიკო შოშიტაშვილი

Advertisements

0 Responses to “ოპერაცია „ცისკარა“”



  1. კომენტარის დატოვება

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s




ბლოგის სტატისტიკა

  • 17,019 მნახველი
Follow თეთრიწყარო on WordPress.com

სტატიები

არქივი

Advertisements

%d bloggers like this: