აქვს თუ არა ადგილი ბეჟუაშვილის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვას

მაესტრო.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დავით ბეჟუაშვილი ამავე რაიონის სოფლებში კომპიუტერულ ცენტრებს მოაწყობს, რომლებიც არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, სექტემბერში გაიხსნება. არის თუ არა ეს ამომრჩევლის მოსყიდვა, მას შემდეგ გახდება ცნობილი, თუკი ამ ფაქტს სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეისწავლის.

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, “კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების” ერთ–ერთმა დამფუძნებელმა – „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ“ თეთრიწყაროს რაიონის ცენტრების კეთილმოწყობაზე პატრონაჟი აიღო.

3 აგვისტოს თეთრიწყაროს სოფელ ბორბალოში კომპიუტერული ცენტრის ოფისის სარემონტო სამუშაოები, რომელსაც “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აფინანსებს, ადგილზე მოინახულეს კორპორაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ნათია თურნავამ და ბორბალოში კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების პროექტის მენეჯერმა ლალი კალანდაძემ.

 “ბიზნეს-კომპანიების მხრიდან ეს ერთგვარი მხარდაჭერის ფორმაა. მათ სურთ ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღება და სამოქალაქო რეესტრი ამის საშუალებას მათ აძლევს. ისინი ჩვენი პარტნიორები ხდებიან, რომელთანაც ჩვეულებრივ თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებებს ვდებთ,“ – აცხადებს ლალი კალანდაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ თეთრიწყაროს სოფლებში კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების ოფისებს გაარემონტებს და შესაბამისი ავეჯით მოაწყობს. ოფისებში დასაქმებულები უსასყიდლოდ მიიღებენ კომპიუტერულ ტექნიკას, ასევე, უსასყიდლოდ ისარგებლებენ ტექნიკური მხარდაჭერით, გაივლიან სპეციალურ ტრენინგებს, ხოლო შემდეგ თანასოფლელებს დაეხმარებიან კომპიუტერის გამოყენების უნარ-ჩვევების ათვისებაში.

კომპიუტერული ცენტრები სოფლებში წინასაარჩევნო პერიოდში, სექტემბრიდან გაიხსნება.

 „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“, რომელიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კომპიუტერულ ცენტრებს მოაწყობს, “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” (GIG) საკუთრებაშია. GIG-ის 100%-იან წილს კი ოფშორში რეგისტრირებული კომპანია “ჩემექსიმ ინტერნეშენალი” ფლობს, რომლის პარტნიორი გახლავთ საქართველოს მოქმედი პარლამენტის წევრი და, იმავდროულად, მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით ბეჟუაშვილი.

 “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ამ ფაქტით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის ამომრჩევლის მოსყიდვის მუხლის დარღვევა იკვეთება.

 „ვფიქრობ, ამ საკითხით სახელმწიფო აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს,“- ამბობს ლომჯარია.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი ლელა ტალიური მსგავს შემთხვევას იხსენებს, რომლის შესახებ საია-მ მიმდინარე წლის ივნისში სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართა.

„მსგავსი შემთხვევა გვქონდა პსპ-სთან დაკავშირებით, სადაც იკვეთებოდა ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნები,“- ამბობს ტალიური.

საიამ 25 ივნისს დმანისის რაიონში კომპანია პსპ-ს მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო საქმიანობის შესწავლა მოითხოვა. საქმე შეეხებოდა კომპანიის ვებ-გვერდზე, „ქველმოქმედების“ განყოფილებაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, კომპანიასთან სამართლებრივი კავშირის მქონე, დმანისის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი ამავე რაიონში მრავალფეროვან საქველმოქმედო საქმიანობას აწარმოებდა.

საიას განაცხადის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის კახაბერ ოქრიაშვილის ფარმაცევტული კომპანია პსპ-ს საქველმოქმედო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია შეისწავლა იმ მიზნით, რომ მიეღო ამომწურავი ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან შესაბამისობის თაობაზე.

თუმცა აღნიშნული საკითხის შესწავლის შედეგად პსპ-ს მიერ პოლიტიკური მიზნით ქველმოქმედების განხორციელების ფაქტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არ დაადასტურა. აუდიტის სამსახურის განცხადებით, ორგანულ კანონში შესული ცვლილებების შედეგად დადგენილი შეზღუდვების არაპირდაპირ დარღვევის თავიდან ასაცილებლად პსპ-მ უარი თქვა საქველმოქმედო საქმიანობაზე. ოქრიაშვილი რამდენიმე დღის წინ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა დმანისის მუნიციპალიტეტში.
სახელწმიფო აუდიტის სამსახურმა დაახლოებით ერთი თვის წინ შეისწავლა დავით ბეჟუაშვილის მხრიდან ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის კიდევ ერთი ფაქტი, როდესაც ბეჟუაშვილი სოფელ ასურეთობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო სუფრით გაუმასპინძლდა მოსახლეობას. ფაქტის შესწავლის შემდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დავით ბეჟუაშვილი სამართალდამრღვევად არ სცნო.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ჯერ არ ფლობენ ინფორმაციას დავით ბეჟუაშვილის მონაწილეობაზე სოფლებში კომპიუტერული ცენტრების მოწყობის პროცესში, შესაბამისად, უცნობია, დაიწყებს თუ აღნიშნული უწყება ამ ფაქტზე საქმის წარმოებას.

ნინო კახიშვილი                                 2012.08.07

http://www.netgazeti.ge/GE/105/News/12007/null

Advertisements

0 Responses to “აქვს თუ არა ადგილი ბეჟუაშვილის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვას”



  1. კომენტარის დატოვება

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s




ბლოგის სტატისტიკა

  • 17,019 მნახველი
Follow თეთრიწყარო on WordPress.com

სტატიები

არქივი

Advertisements

%d bloggers like this: