ჩაშლილი ფესტივალი ასურეთში

“ფესტივალი ასურეთში ადგილობრივმა გამგეობამ და სამღვდელოებამ ჩაშალა”,–

ამ სათაურით netgazeti.ge-მ 17 ივლისს გამოქვეყნდა მიხეილ მეფარიშვილის ინტერვიუ ვაჟა სულხანიშვილთან :

http://www.netgazeti.ge/GE/105/culture/21741/

“Misterika Festival–ის ასურეთში ჩატარებას ადგილობრივ სამღვდლოებასთან ერთად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებიც ეწინააღმდეგებიან.

თეთრიწყაროს რაიონის კულტურის სამსახურის უფროსმა ვაჟა სულხანიშვილმა დაადასტურა, რომ ფესტივალის ასურეთში ჩატარების წინააღმდეგი მუნიციპალიტეტი, ადგილობრივი სამღვდელოება და საპატრიარქო არიან. სულხანიშვილის თქმით, ფესტივალი სატანისტური და არაქართულია. იგი ფესტივალის ლოგოზე დაყრდნობით ამბობს, რომ მასზე გამოსახული თვალი და ინგლისურენოვანი წარწერა “We are the world” (ჩვენ ვართ მსოფლიო) ანტიმართლმადიდებლურ გზავნილად მიიჩნია. 

ვაჟა სულხანიშვილი

სულხანიშვილის თქმით, მსგავსი აზრი აქვს ადგილობრივ სამღვდელოებას. “ესენი [ფესტივალის ორგანიზატორები] არიან, რაღაცა ნაწილი – სატანისტები, რაღაცა ნაწილი – ანტირელიგიური… აქ მამაოებისგან რაღაც სხვანაირი გამოიწვია… მაგ იმან. ინსპირირებულია, სავარაუდოდ, ესეთი ეჭვები ჩნდება, ყოფილი ხელისუფლების მხრიდან.”

სულხანიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ ფესტივალში ლგბტ თემის ადამიანებიც მონაწილეობენ და 17 მაისს თბილისში გამართულ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ გამართულ აქციას უკავშირებს. იგი ამბობს, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირებს “დიდგორის მიწაზე” სოფელი არ შეუშვებს.

 “ნეტგაზეთის” შეკითხვაზე – საიდან იცის ორგანიზატორების ან მონაწილეების სექსუალური ორიენტაციის შესახებ, იგი მათ გარეგნობაზე მიანიშნებს. ჩვენს შეკითხვაზე, რა პოზიცია უკავია მანგლისისა და წალკის ეპისკოპოს ანანიას, სულხანიშვილის თქმით, მთელი საპატრიარქო წინააღმდეგი იყო ამ ფესტივალის ჩატარების. “მეუფე ესე ხომ არ გამოვა და… მე არ მინახია მეუფე, მაგრამ ყველა სამღვდელოების წარმომადგენელი ჩვენი საპატრიარქოსი…. ასეთი საუბრები მიდის, რომ ეს არის დასაგმობი და ამის ხელშეწყობა არ შეიძლება,”– ამბობს ვაჟა სულხანიშვილი. სულხანიშვილმა განმარტა, ადგილობრივი თვითმმართველობა მზად არის ტურიზმის განვითარებისთვის ფესტივალებს მხარი დაუჭიროს, მაგრამ, მისი თქმით, ანტიქართულ საქმეს – არა, ამიტომ “გამგეობიდან წერილი უარყოფითი გავაგაზავნეთ: ვერ დაეხმარებით-თქო”. სულხანიშვილი გაზეთ “ქრონიკის” ივნისის ნომერს იხსენებს, სადაც, მისი თქმით, საქართველოში განსახვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების ჩამოყვანაზე იყო საუბარი. ხოლო ერთი კვირის შემდეგ მასთან მივიდნენ ფესტივალის ორგანიზატორები და ფესტივალის ჩატარების შესახებ აცნობეს.

მისი აზრით, მსგავს აქტივობებს “ნაციონალური მოძრაობა” უმაგრებს ზურგს და მიაჩნია, რომ ამ ბრძოლაში უკან არ უნდა დაიხიონ. “ნეტგაზეთია” კითხვაზე, მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციურად მიაჩნია თუ არა, რადგან კანონის წინაშე ყველა თანასწორია – სულხანიშვილმა უპასუხა, რომ იგი მზად არის სასამართლოს წინაშე პასუხი აგოს, რადგან ვერ დაუშვებს ილია მეორის მმართველობის წლებში მსგავსი ფესტივალის თეთრიწყაროს რაიონის ტერიტორიაზე მხარდაჭერას. “[კანონის წინაშე] თანასწორი არიან, მაგას ვინ უარყოფს… მამაოები ხომ უნდა დასაჯონ?! ჩვენი ხელისუფლება ხომ სჯის?! იმ მამაოებთან ერთად მეც და ჩვენებიც დაგვსაჯონ! კანონი იმიტომ გამოდის, რომ იქ სალავირებო სიტუაციაც უნდა იყოს. მე ამათ ლოიალურობას ვერ გავუწევ. მე მზადა ვარ ხვალვე დავჯდე… ჩვენ ქართველებად უნდა ჩავიდეთ მიწაში,”– ამბობს სულხანიშვილი.

Misterika Festival-ის ორგანიზატორებმა ფესტივალის ჩატარების ადგილი შეცვალეს. მათ თბილისის ზღვის მიმდებარედ, ნაციონალურ პარკში გადაინაცვლეს.  “სამწუხაროდ, ასურეთში ვერ ჩავატარეთ, პრობლემები შეგვექმნა და მოგვიწია ადგილის შეცვლა,” – განაცხადა თემურ ბესელიამ, ფესტივალის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა. ბესელიას თქმით, ისინი ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებენ და ამბობენ, რომ შეკითხვებს ფესტივალის დასრულების შემდეგ უპასუხებენ. ნეტგაზეთი სოფელ ასურეთის სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარ გიორგი ფეიქრიშვილს ტელეფონით დაუკავშირდა. მან ჩვენს შეკითხვას, ეწინაამდეგებოდა თუ არა ასურეთში ფესტივალის ჩატარებას, უპასუხა: “ახლა კომენტარის მიცემა ტელეფონით შეიძლება, შვილო? ეგ უნდა შევხვდეთ, თუ ახსნა გინდათ. თუ გაინტერესებთ–უნდა განგიმარტოთ. ტელეფონით სასაუბრო ეს არ არის, იმხელა ღრმა თემა არის, ესე ორი სიტყვით ვერ აიხსნება,”– განაცხადა გიორგი ფეიქრიშვილმა.

Asureti OPEN Air “Misterika Festival” ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომელიც ასურეთში უნდა გამართულიყო. მასში  ქართველი, უკრაინელი, რუსი, პოლონელი, ბრიტანელი, ჩეხი, ლიტველი, ფინელი, ბერძენი, შვედი შემსრულებლები მონაწილეობენ. ფესტივალი 18–22 ივლისს გაიმართება. დანიშნულების ადგილამდე მეტრო სარაჯიშვილიდან ავტობუსები გავლენ, რომელთა ფასი 1.50 ლარი იქნება. ფესტივალის ორგანიზატორია Chrono, რომლისთვისაც ეს პირველი მასშტაბური ღონისძიებაა. ფესტივალის ტერიტორიაზე ნაღმების, სასმელის შეტანა აკრძალულია.  ფესტივალის ფეისბუქის გვერდზე წერია, რომ “ქართველები მეგობრული და სტუმართმოყვარე ხალხია. ტკბებიან ცხოვრებით და აფასებენ წყლის სისუფთავეს, რაც აქ უხვადაა.” ორგანიზატორები ელექტრონული მუსიკის უცხოელ მსმენელებს ეპატიჟებიან ქვეყანაში, სადაც აფასებენ მეგობრობას, სადაც გულღია და მხირული ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც მეგობრის გამო ყველაფერს გააკეთებენ. ორგანიზატორების თქმით, Asureti OPEN Air “Misterika Festival” იქნება ადგილი, სადაც ადამიანები ერთმანეთს გაიცნობენ და დამეგობრდებიან.”
ესტივალის ოკულტურ–სატანისტური იდეის დასასაბუთებლად სოციალურ ქსელში ფოტოებიც დაიდო, რომლებზეც “მისტერიკას” მოწინააღმდეგეები იქ არარსებულ “მხეცის რიცხვს”–  666–ს “ხედავენ”.
მეორე დღესვე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა ასურეთში ფესტივალ “მისტერიკას” ჩაშლის ფაქტს.  პრეზიდენტის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:”როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ადგილობრივი გამგეობისა და, სამწუხაროდ, სამღვდელოების ცალკეულმა წარმომადგენლებმა ორგანიზატორებზე პირდაპირი ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით სცადა, ჩაეშალა ელექტრონული და ფოლკლორული მუსიკის ფესტივალი „მისტერიკა“, რომელიც თეთრი წყაროს რაიონში, ასურეთში უნდა ჩატარებულიყო. ასეთი ფესტივალები ემსახურება საქართველოს პოპულარიზაციას, ტურიზმის განვითარებას, ქვეყნის დადებითად წარმოჩენას საერთაშორისო მასშტაბით. გარდა ამისა, ასეთი ფესტივალები ხელს უწყობს ადამიანური ურთიერთობების განვითარებას, კულტურული კონტაქტების დამყარებას, ახალგაზრდების სოციალიზაციას და მათ ცივილიზებულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. შეუძლებელია პროგრესი სიცოცხლის ხალისის გარეშე, შეუძლებელია განვითარება გარესამყაროს მიმართ გახსნილობის გარეშე! ჩვენი, ხელისუფლების, ეკლესიის, პოლიტიკოსებისა თუ სამოქალაქო აქტივისტების ვალია არა შიშისა და უწიგნურობისაკენ მოწოდება, არამედ – საზოგადოებაში გამბედაობის, გახსნილობის, განათლების, შემწყნარებლობისა და პროგრესის ქადაგება და ამ სწრაფვების ხელშეწყობა!დაუშვებელია ადამიანების რაიმე ნიშნით სეგრეგაცია, დევნა და თავისუფლებების შეზღუდვა. ადამიანთა თანასწორობისა და თავისუფლებების შესახებ კონსენსუსი დემოკრატიული საზოგადოებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მატარებელია! ამიტომ, თუ ჩვენ ვთანხმდებით, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, მაშინ სახელმწიფოს ვალია, დაიცვას ყველას თავისუფლება, აღკვეთოს ერთი ჯგუფის მიერ მეორეზე ზეწოლა, ენერგიულად შეუწყოს ხელი საზოგადოებრივ შეთანხმებას იმის შესახებ, რომ საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულება სწორედ ერთმანეთის თავისუფლებების დაცვაა და არა – აკრძალვების, ტაბუსა და შიშების თავსმოხვევა ერთმანეთისთვის. ჩვენ ვაშენებთ თავისუფალი საზოგადოების თავისუფალ სახელმწიფოს, ამისათვის კი თავისუფლებას პირველ რიგში საკუთარ თავში უნდა მივაღწიოთ! უპირველესად თავად უნდა განვთავისუფლდეთ, რომ სხვისმა თავისუფლებამ არ გაგვაღიზიანოს, რომ დავაფასოთ თავისუფლება და შევძლოთ მისი დაცვა! მხოლოდ თავისუფალი მოქალაქეების საზოგადოებას შეიძლება ქონდეს პასუხისმგებლობის განცდა სხვისი თავისუფლების მიმართ და მხოლოდ ასეთი საზოგადოება შეიძლება იყოს ერთიანი და ძლიერი!ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ არა უმრავლესობის დიქტატურას, არამედ – დიქტატის მთლიანად დაძლევას. ხელი უნდა შევუწყოთ საზოგადოების წევრთა დამოუკიდებელ აქტივობას და მათ უფლებებს, რომ ეს აქტივობა სხვათა დაუზიანებლად და თავისუფლად განახორციელონ. სწორედ ესაა სახელმწიფოს ძირითდი ვალი და ამ მიზნიდან გადახვევა მხოლოდ იმას მოასწავებს, რომ ხელისუფალი დაშორდა საკუთარ ხალხს, ცალკე ბიუროკრატიად ჩამოყალიბდა და მომხმარებლური დამოკიდებულება გაუჩნდა საკუთარი მოქალაქეების მიმართ. ეს დაუშვებელია!ასურეთის მაგალითი, სამწუხაროდ, ერთადერთი არ არის. ბოლო დროს მომრავლდა შემთხვევები, როცა ხელისუფლება თვალს ხუჭავს ძალადობაზე, არ იყენებს მის ხელთ არსებულ ლეგიტიმურ უფლებებს და უპირატესობას ანიჭებს პოპულიზმს, ვიდრე – სწორ და პრინციპულ გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა, ესეც დაუშვებელია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, მაქვს რწმენა, რომ საქართველოში ვეღარასოდეს იზეიმებს ფუნდამენტალიზმი, უკანონობა, ქაოსი და უსამართლობა. მე მაქვს რწმენა, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, ძალიან დიდი ნაბიჯები გადავდგით თავისუფლებისკენ და განუხრელად გავაგრძელებთ ამ გზაზე სიარულს. მინდა, მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ასეთ, ვინმესთვის შეიძლება უმნიშვნელო ინციდენტებს. ასეთი ფესტივალები, სხვა მსგავსი თავყრილობები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, მათ ორგანიზებას ჩვენი ნიჭიერი და ინიციატივიანი თანამოქალაქეები ახერხებენ და მათ არა ხელის შეშლა, არამედ – წახალისება სჭირდებათ! მიხარია, რომ თბილისის მერიამ ალტერნატიული ადგილი გამოუყო ფესტივალის ორგანიზატორებს და მიხარია, რომ ეს ფესტივალი, ისევე როგორც სხვა მრავალი პროგრესული ღონისძიება, მაინც ჩატარდება ახლაც და, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც!”
Advertisements

0 Responses to “ჩაშლილი ფესტივალი ასურეთში”



  1. კომენტარის დატოვება

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s




ბლოგის სტატისტიკა

  • 16,860 მნახველი
Follow თეთრიწყარო on WordPress.com

სტატიები

არქივი

Advertisements

%d bloggers like this: