რეპორტაჟი ასურეთიდან – „სატანისტებთან“ ბრძოლის მიზეზით ჩაშლილი ფესტივალი

24.07.2013 ნათია დანელიშვილი – ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრი

Asureti open air „Misterika festival“ თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ასურეთში ვერ ჩატარდა. მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა და სოფლის ეკლესიის მოძღვარმა მიიჩნიეს, რომ ფესტივალი არაქრისტიანული იყო, მისი ლოგო, მონაწილეთა ქცევები და გარემო კი სატანისტურ ნიშნებს შეიცავდა. ასურეთში ფესტივალის ჩაშლა  საქართველოს პრეზიდენტმა გააპროტესტა. სააკაშვილის განცხადებით, „მსგავსი თავყრილობები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია“.

 გამგეობის უარი ფესტივალის ორგანიზატორებს

ფესტივალი „Asureti open air“ თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ასურეთში, დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 4 კილომეტრში, 18-22 ივლისს უნდა ჩატარებულიყო. ფესტივალის ორგანიზატორი კომპანია „chrono“-ს დირექტორმა ალექსანდრე ხარებავამ  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას განცხადებით 28 მაისს მიმართა. განცხადების მიხედვით, ორგანიზატორები გზის გასასწორებლად ტექნიკას, ნიჩბებს, ცელებს, კიბეებს, სანაგვე ურნებს, თივას, მაგიდებს, სკამებს, ავეჯს და სხვა ინვენტარს ითხოვდნენ. ასევე, მათი მოთხოვნა იყო წყლის, სამედიცინო და სახანძრო პუნქტების მოწყობა, საცხოვრებელი ადგილების გამოყოფა, ფესტივალის მონაწილეების დაცვის მიზნით, შს სამინისტროს ადგილობრივი განყოფილების ინფორმირება.

 „2 სცენა, 40 მუსიკოსი, ქართველთა და უცხოელთა NEO ART გამოფენები, 3 000-ზე მეტი სტუმარი (ნახევარზე მეტი უცხოელი) 40 კილოვატი ხმა, Laser Show, Fire Show, იოგის პრაქტიკა…“ – აღნიშნულია ფესტივალის საინფორმაციო ბუკლეტში.

 31 მაისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ წიკლაურმა ფესტივალის ორგანიზატორს ოფიციალურად აცნობა, რომ ფესტივალის ჩასატარებლად ადგილობრივ ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებული არ იყო.

 როგორც ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრს, გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა ვაჟა სულხანიშვილმა განუცხადა, ფესტივალის ჩაშლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ის ანტიმართლმადიდებლური და სატანისტური ნიშნებით იყო გაჯერებული.

  „ჩვენ, დიდგორის მიწაზე გაზრდილმა ადამიანებმა თუ არ ვიბრძოლეთ უწმინდესთან ერთად, არაფერი არ გამოვა“

ვაჟა სულხანიშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი: „მათ მიერ მოწოდებული წერილის ლოგო ვნახეთ, შევედით ვებგვერდზე და ძალიან უცნაური რაღაცეები აღმოვაჩინეთ. როდესაც ვაჩვენეთ ადამიანებს, რომლებიც ამაში ერკვეოდნენ, დაადასტურეს, რომ ეს ფესტივალი შეფარვით არის ანტიმართლმადიდებლური და სატანისტური ნიშნებით გაჯერებული. სამი დღის შემდეგ, ტელეკომპანია „იმედზე“ გავიდა ამ ფესტივალის პრომო, სადაც ნაჩვენებია, როგორ ხდება ექსტაზით და სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებებით თრობა. ნაჩვენები არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ჟესტიკულაციით აღნიშნავენ ზუსტად იმას, რაც ანტიმართლმადიდებლურია და სატანისტურ ნიშნებს გამოსახავს. ამის შემდეგ მოსახლეობის ცნობადობა გაიზარდა, საქმის კურსში ჩადგა ადგილობრივი სამღვდელოება. ფესტივალამდე 4-5 დღით ადრე, სამღვდელოება მოსახლეობასთან ერთად შეხვდა ორგანიზატორებს. ერთი მხარე ამბობდა, რომ ვნახეთ საიტებზე და მტკიცდება, რომ ეს ფესტივალი არის სატანისტური ნიშნების შემცველი და შეიძლება იყოს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ხალხის შეფარვით შემოყვანა. თან, თუ აღმოსავლეთ ევროპის 9-10 ქვეყნიდან შემოგყავს 1 500 ადამიანი, დაცვის უპრეცედენტო ზომების მიღება იყო საჭირო, რაც არ იგეგმებოდა. თუ ვინმეს რამე დაემართებოდა, ეს ფართო რეზონანსს გამოიწვევდა. ამ შეხვედრის შემდეგ უარი თქვეს ფესტივალის აქ ჩატარებაზე, მაგრამ ფესტივალამდე ორი დღით ადრე ისევ გააქტიურდნენ, ერთგვარ პროვოკაციაზე წამოვიდნენ, რომ ტალღა აგორებულიყო.  მოსახლეობა წკიპზე იყო და შეიძლებოდა ამას უმართავი პროცესები მოჰყოლოდა. მანამდე, მოსახლეობის ნაწილს ორგანიზატორები ჩუმად სთავაზობდნენ სხვადასხვა თანხას, რომ თანხმობა მიეცათ. ერთ ღამეში სახლის დათმობაზე 500 ლარს სთავაზობდნენ, ან ბოსტნეულში ათმაგ თანხას უხდიდნენ“.

 კულტურის სამსახურის უფროსის განცხადებით, ეს ფესტივალი 17 მაისის მოვლენების გაგრძელება იყო და მასში მონაწილეობას სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებიც მიიღებდნენ, რაც შესაძლოა, ასურეთელებსა და მათ შორის დაპირისპირების მიზეზი გამხდარიყო.

 „კაცი რომ გეტყვის, ჩემი „კაიფით“ მინდა, რომ ხალხი ჩამოვიყვანოო, არ გაგიჩნდება ეჭვი? როგორ ეხლა შენი „კაიფით“. ეს 17 მაისის გადაბმა იყო და უფლის ნებაც იყო, რომ აქ არ ჩატარდა. შეიძლება ვინმეს ან გაესროლა, ან რამე. ბოლობოლო თვითონ „გატრუპავდნენ“ ვიღაცას, ეჭვს ვამბობ რა, გამორიცხული იყო? წამალი უნდა ეთუხთუხებინათ იქ, რომ „გაიჩხირავდნენ“ ვიღაცა კაიფში რომ გაპარულიყო, იცი რამხელა რეზონანსი მოყვებოდა? ამიტომ დავბლოკეთ, ჩვენ ცოტა წინ ვიყურებით. ფართი ვინც მისცათ, იმ კაცს ვესაუბრე და მითხრა, ცისფერები და სატანისტებად ვინც მიგაჩნიათ, დაბლოკეთ და ვინც ნორმალური იქნება, ისინი შემოუშვით, მოცისფეროებიც შემოერევიანო. მე დავდგე და ფეისკონტროლზე ვატარო 1500 კაცი? ცისფერს და არაცისფერს 80% მიხვდები რომელია და რომელი არა. ყველანაირი კაიფი იქნებოდა იქ, კაცი, ქალი ერთმანეთში აღრეული. თავიანთი ამბავია ეს. მე სხვის ლოგინში რა მესაქმება, ვისაც რა უნდა ის ქნას, გინდა ცისფერი გახდეს და გინდა ვაჟკაცი. კაცს რომ კერვა მოუნდება, იმას ლაპარაკიც სხვანაირი უხდება, იმის მენტალობაა ეგეთი, თორემ მე ერთხელ მოვედი და ერთხელ წავალ. ჩვენ, დიდგორის მიწაზე გაზრდილმა ადამიანებმა თუ არ ვიბრძოლეთ უწმინდესთან ერთად, არაფერი არ გამოვა. ფოლკლორის ფესტივალი არ ვიცით და უცბად ჩნდება აზრი, რომ მე-13 საუკუნის ამ ჩვენი დიდებული მეფის, თამარის უკანასკნელი ნავთსაყუდელიდან 500 მეტრში ჩატარებულიყო ასეთი ფესტივალი. ეს ფესტივალი 4 დღეში დასრულდებოდა და რომ ჩაგვეტარებინა, ჩვენი დედის გინება და ცემა-ტყეპა არ გაჩერდებოდა 4 წელზე მეტი. ამათ დაცვის ისეთი მექანიზმი არ ექნებოდათ, ასურეთელები კიდევ არ მოისვენებდნენ და რაღაცა მოხდებოდა. ამას მოჰყვებოდა ფართო რეზონანსი და ჩვენ ციხეებში, გლდანში გავატარებდით წლებს“, – განუცხადა ვაჟა სულხანიშვილმა ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრს.  მისივე თქმით, შესაძლოა, ფესტივალი და მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი პრეზიდენტის და თბილისის მერის მიერ იყო პროვოცირებული.

 „ჩემი კომენტარის შემდეგ, მეხმაურებიან ბატონი სააკაშვილი და გიგი უგულავა. აქედან დგინდება, რომ ესენი იყვნენ მათ მიერ ინსპირირებული, რაზეც ეჭვი მქონდა. ეს ტარდებოდა პირველად და რატომღაც არჩევნებამდე 2 თვით ადრე, როცა პრეზიდენტს 9 წლის განმავლობაში არ გახსენებია თეთრიწყარო. აქედან ჩნდება ეჭვი, რომ ეს იყო ინსპირირებული ზევიდან და ამას მხარდაჭერა არ ჰქონდა ახლანდელი ხელისუფლებისგან. აქ იყო სამღვდელოების და მოსახლეობის, ჭკვიანი ხალხის ნააზრევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება“, – აღნიშნა სულხანიშვილმა.

მამა გიორგი – ყველანაირი სიბილწე და გარყვნილება იქნებოდა იქ

ასურეთის სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა გიორგიმ ოფიციალურ კომენტარზე უარი განაცხადა. ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრთან სატელეფონო საუბარში კი აღნიშნა:

 „აზრი არ აქვს რამის ახსნას, ეგენი ამ ყველაფერში ცუდს ვერ ხედავენ იმიტომ, რომ მათი მენტალიტეტი და მსოფლმხედველობაა ასეთი. წმინდა წიგნი არ წაუკითხავთ და ჩემს ნათქვამს გაიგონებენ? ტყუილად დასაცინები უნდა გავხდეთ, ხელი უნდა გამოიშვირონ და დაგვცინონ, აი ბნელი ძალები რას ამბობენო. ყველანაირი სიბილწე და გარყვნილება იქნებოდა იქ, შეგიძლიათ ნახოთ მათ საიტზე, მე იმას აღარ ვნახავ. მრევლს ვურჩიე, რომ თუ ჩატარდებოდა, არ მისულიყვნენ. ახლა რომ დავდგე და ვილაპარაკო რატომ იყო ცუდი, მაინც არ გაიგებენ“.

  ასურეთელები ფესტივალის ჩატარების შესახებ

 ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრმა სოფელ ასურეთში 20–ზე მეტი ადგილობრივი გამოკითხა. გამოკითხულთა ნაწილი სოფელში „Asureti open air“-ის ჩატარებას ეწინააღმდეგება და სოფლის მოძღვარის პოზიციას იზიარებს, ნაწილი კი ამბობს, რომ ფესტივალს სატანისტურთან საერთო არაფერი აქვს და ასურეთში უნდა ჩატარებულიყო.

 დონარა ჯაშიაშვილი: „გოგოები ერთად, კაცები ერთად, ასეთი ფესტივალი უნდა ყოფილიყო სადღაც, ბაღებში და არავის არ უნდოდა. უარი ვთქვით სოფელმა და ეკლესიამ. მღვდელმა გამოაცხადა, რომ არ შეიძლება ასეთი რამე, ხალხი ისე უნდა მოიქცეს, როგორც ქართველებს შეეფერებათო“.

 გოგა ისკანდარაშვილი: „გვინდოდა რომ ფესტივალი ჩატარებულიყო, მაგრამ  სატანისტები იყვნენ და რელიგიას ეწინაღმდეგებოდნენ, სოფელი ლაპარაკობდა ასე. მამაომ არ ჩაატარებინა, თორემ მე დავესწრებოდი რომ ჩატარებულიყო“.

 გიორგი ბაბუაშვილი: „მინდოდა, რომ ჩატარებულიყო, ჩემნაირი ბევრი იყო სოფელში, მაგრამ არ ჩაატარებინა სამღვდელოებამ, ასურეთის მამაომ არ ჩაატარებინა როგორც ვიცი. ვითომ სატანები და გეები იყვნენ და ასეთი არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს სოფელს, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. უნდა ყოფილიყო ჩვეულებრივად, როგორც ტარდება ნორმალურ ფარგლებში, არავითარი სატანები და გეები, ჭორი დაიყარა, საიდან არ ვიცი. მე დავესწრებოდი ფესტივალს“.

 დავით ბერიანიძე: „ცენტრში იყო საუბარი მაგაზე, არავინ არ წავიდეს, დიდ ცოდვაში ჩადგამს ფეხსო, მამაოებმა უთხრეს ხალხს. მანამდე მინდოდა, რომ ჩატარებულიყო და მამოებმა რომ თქვეს, მერე გადავიფიქრე“.

 გუგული ლაიშვილი: „მამაოსგან ვიყავით ინფორმირებული, რომ არ უნდა ჩატარებულიყო, რადგან სიბილწე და სიბინძურე იყო. მემგონი არ არის მიზანშეწონილი, ჩატარებულიყო, რა მოხდა, დიდებიც წავიდოდნენ და პატარებიც“.

 ნელი მაზანაშვილი: „მე რაც ვნახე მაგათი კლიპი ტელევიზორში, ძალიან ცუდი კლიპი იყო. გოგო ჰყავდათ გადაწვენილი, სისხლი გასდიოდა, მღეროდნენ, ეს კაცი ამ სისხლს წოვდა, კინაღამ გული წამივიდა. ვინც ნახა ეს კლიპი, ყველა წინააღმდეგი იყო. თავზე რქები ედგათ, გრძელი ფრჩხილები, რაღაც სასწაული ხალხი იყო. მამაო ამბობდა, თუ ასეთი სექტაა, რაც კლიპებში ვნახეთ, არ გვინდა, თუ არადა ჩაატარონო“.

პრეზიდენტი სააკაშვილი – მსგავსი თავყრილობები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია

ასურეთში ფესტივალის ჩაშლას 18 ივლისს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა.პრეზიდენტის განცხადებით, ფესტივალის ასურეთში ჩატარება გამგეობის და სამღვდელოების ცალკეული წარმომადგენლების მიერ ორგანიზატორებზე პირდაპირი ზეწოლისა და მუქარის შედეგად ჩაიშალა.

 „დაუშვებელია ადამიანების რაიმე ნიშნით სეგრეგაცია, დევნა და თავისუფლებების შეზღუდვა. ადამიანთა თანასწორობისა და თავისუფლებების შესახებ კონსენსუსი დემოკრატიული საზოგადოებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მატარებელია!

 ასურეთის მაგალითი, სამწუხაროდ, ერთადერთი არ არის. ბოლო დროს მომრავლდა შემთხვევები, როცა ხელისუფლება თვალს ხუჭავს ძალადობაზე, არ იყენებს მის ხელთ არსებულ ლეგიტიმურ უფლებებს და უპირატესობას ანიჭებს პოპულიზმს, ვიდრე – სწორ და პრინციპულ გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა, ესეც დაუშვებელია.

 მინდა, მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ასეთ, ვინმესთვის შეიძლება უმნიშვნელო ინციდენტებს. ასეთი ფესტივალები, სხვა მსგავსი თავყრილობები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, მათ ორგანიზებას ჩვენი ნიჭიერი და ინიციატივიანი თანამოქალაქეები ახერხებენ და მათ არა ხელის შეშლა, არამედ – წახალისება სჭირდებათ! მიხარია, რომ თბილისის მერიამ ალტერნატიული ადგილი გამოუყო ფესტივალის ორგანიზატორებს და მიხარია, რომ ეს ფესტივალი, ისევე როგორც სხვა მრავალი პროგრესული ღონისძიება, მაინც ჩატარდება ახლაც და, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

 ასურეთის ნაცვლად თბილისში

Asureti open air „Misterika festival“ ასურეთის ნაცვლად 18–22 ივლისს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა. ფესტივალის ორგანიზატორებს ტერიტორია თბილისის მერიამ გამოუყო. ფესტივალის ადგილის მიგნება ადვილი არ იყო. არანაირი წარწერა ან აბრა არ მიანიშნებდა. ღონისძიების ადგილამდე ორგანიზატორების დახმარებით მივედით.

 „აი, აქ იყო, ფესტივალი, თითქმის დასრულდა. ეს დიდი სცენა იყო, ახლა სანახევროდ ავალაგეთ უკვე და მოშორებით, მცირე სცენაზე გადავინაცვლეთ. შეგიძლიათ იქ გადაიღოთ და მეც მალე მოვალ“, – გვითხრა ფესტივალის ორგანიზატორმა ალექსანდრე ხარებავამ და ტერიტორიის დასუფთავება დაიწყო.

 გაშლილ მინდორზე მონაწილეები ჯერ კიდევ არიან შემორჩენილები. ირგვლივ საზამთროს ნარჩენები, პოლიეთილენის პარკები და ნაგავი ყრია. კარავში სძინავთ. მცირე სცენიდან ხმამაღალი მუსიკის ხმა ისმის. სცენასთან 15-მდე ადამიანია შეკრებილი, ზოგი სვამს, ზოგი ცეკვავს, ვისაც ეზარება, წამოწოლილია და მათ უყურებს, ვისაც ცეკვა ჯერ კიდევ შეუძლია. ერთმანეთს ეხვევიან, კოცნიან.

 ფესტივალის ორგანიზატორი – „5 საათი რომ იხტუნო, განიმუხტები ყველაფრისგან და წმინდანივით იქნები“

 „ეს არის ელექტრონული მუსიკა, რომელიც რიტმული და მხიარულია. სულ დადებითი მაჟორული ინტონაციებია. საკმაოდ მძაფრი რიტმი ისეა არჩეული, რომ არ გღლის, არ გგრუზავს. ხალხი ცეკვავდა, ისვენებდა, ერთობოდა, თამაშები მიდიოდა. დღისით 4-5 საათიანი პაუზა გვქონდა“, – გვიხსნის ფესტივალის ორგანიზატორი ალექსანდრე ხარებავა.

 მისივე თქმით, ფესტივალზე დასწრება მოწვეული სტუმრების გარდა ყველასთვის ფასიანი იყო. 4 დღიანი ბილეთის ერთი თვით ადრე შეძენა 40 ლარად იყო შესაძლებელი, შემდეგ უკვე 50 და 60 ლარი ღირდა. ფესტივალის გახსნის და დახურვის დღეს, ბილეთის ფასი ერთ დღეზე 30 ლარი იყო, დარჩენილი ორი დღე კი 20 ლარი.

 ფესტივალში რუსეთიდან, უკრაინიდან, საბერძნეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, შვეციიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრები მონაწილეობდნენ.

 ალექსანდრე ხარებავა ამბობს, რომ „Asureti open air“ გართობასა და ადამიანების დაახლოვებაზე იყო გათვლილი და მის ჩატარებაზე თავიდან თეთრიწყაროს რაიონის ხელმძღვანელობა თანახმა იყო.

 „გამგეობამ გვითხრა, ჩვენგან წინააღმდეგობა და ხელშეშლა არ იქნებაო. მოსახლეობასაც დაველაპარაკეთ, „პროსტა“ რაღაც გაუგებრობა მოხდა. ბატონი ვაჟა დიდი ინიციატივით წამოვიდა, გახარებული იყო, რომ მათ რაიონში ჩატარდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ რამდენიმე დღეში დარეკა და უარი გვითხრა. კულტურის სამინისტროში მითხრეს, რადგან დაფინანსებას არ ითხოვთ, თან კერძო მიწაა და მოლაპარაკებაც არსებობს, არაფერი განცხადება არაა საჭიროო. დავიწყეთ მუშაობა, სახლების მოწყობა, ეს ყველაფერი ხარჯებთან იყო დაკავშირებული და ასურეთზე ბიუჯეტი დაიხარჯა. ფესტივალამდე ერთი კვირით ადრე ვიყავი ასურეთში და ვნახე, რომ ერთი ამბავი იყო. სოფელში ხალხს ვესაუბრე, დაძაბულობა იყო. მერე შევხვდი  მამა გიორგის, შენგელის და კიდევ ერთ სასულიერო პირს. მაშინ დაიწყო სიმბოლიკაზე საუბარი, „ფეისბუქზე“ ამოიკითხა ტექსტი, რუსულად იყო დაწერილი, გეპატიჟებით ზღაპრულ სამყაროში, სადაც თავს თავისუფლად იგრძნობთ, ფრთები გაგიჩნდებათო. ვაიმე, ვაიმე, ნახე რას სთავაზობენ ხალხს, სამოთხეს პირდებიან და სინამდვილეში მანდ რა მოხდებაო. ვერანაირად ვერ გავაგებინეთ, პირდაპირ მუქარა წამოვიდა. მერე პოლიტიკაზე წავიდა ლაპარაკი, ახალგაზრდების იქ ყოფნაზე და მათ ქცევაზე. უფრო სოციალურ პრობლემას წავაწყდით რეალურად. კაი, მამა გიორგისთან დალაგდება ბოლოსდაბოლოს, გავაგებინებდით, რომ არაფერი არ ხდება, მაგრამ  იმდენად დაძაბული იყო სიტუაცია, რომ ჩვენ ვერ განვმუხტავდით“, – განუცხადა ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრს ფესტივალის ორგანიზატორმა.

 მისივე თქმით, სამღვდელოების წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ ელექტრონული მუსიკა, რაც ფესტივალზე უნდა ყოფილიყო, გარყვნილებისკენ იყო მიდრეკილი: „ასეთი ლაპარაკი იყო, რომ ეს ისეთი მუსიკაა და ისე მოქმედებს ადამიანზე, რომ იწყებს ხტუნვას, აქტიურ სუნთქვას, ფილტვები ზედმეტ ჟანგბადს მოიხმარს, ტვინი ჟანგბადით თვრება, ადამიანი შედის ექსტაზში, კარგავს კონტროლს და ამასობაში ვნება, რომელიც ყველას აწუხებს, იკრებს ძალას და იწყება გარყვნილება და ა.შ ჩემი აზრით, პირიქით, „კაროჩე“ 5 საათი რომ იხტუნო, განიმუხტები ყველაფრისგან და წმინდანივით იქნები“, – აღნიშნავს ალექსანდრე ხარებავა.

 ფესტივალის ორგანიზატორის განმარტებით, „მისტერიკა ფესტივალის“ ლოგოზე, რომელშიც ადგილობრივი გამგეობის და სამღვდელოების წარმომადგენლები სატანისტურ ნიშნებს ხედავდნენ, მხოლოდ დედამიწის გარეშემო მოცეკვავე ადამიანებია აღბეჭდილი: „ეს თვალი არის მისტერიკას ლოგო, რომელზეც დედამიწაა დახატული და მის გარშემო ხალხი ცეკვავს ხელჩაკიდებული, ეს ყველაფერი გაფერადებულია. ამაში რატომღაც ეშმაკის თვალი გამოჩნდა, ვისაც რა უნდა რომ დაინახოს, იმას ხედავს. ესეთი ფესტივალი ტარდება პირველად და ყველამ დაინახა რა არის და რას ემსახურება. ყველასთვის ნათელი გახდა, რომ არაფერი აქ სარიტუალო, მითუმეტეს სატანისტური არ არის, პირიქით, ჯანსაღ ცხოვრებაზე, ბუნებასთან კონტაქტაქტზე, სიყვარულზე, გაგებაზე, მოსმენასა და ადამიანობაზეა გათვლილი“.

 

წყარო: http://www.icn.ge/ka/portal/articles/4219/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9F%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C-%E2%80%93-%E2%80%9E%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E2%80%9C-%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%96%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98.htm

Advertisements

0 Responses to “რეპორტაჟი ასურეთიდან – „სატანისტებთან“ ბრძოლის მიზეზით ჩაშლილი ფესტივალი”



  1. კომენტარის დატოვება

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s




ბლოგის სტატისტიკა

  • 17,019 მნახველი
Follow თეთრიწყარო on WordPress.com

სტატიები

არქივი

Advertisements

%d bloggers like this: