მამუკა აბულაძე-ხელი უნდა შეუწყონ ადგილობრივ ხელისუფლებაში ახალი, პროგრესულად მოაზროვნე თაობის მოსვლას, მანამდე, პირდაპირ გეტყვით, არაფერი გვეშველება.

წარმატებული ექიმი და პუბლიცისტი მამუკა აბულაძე დღეს გაზეთ „დიდგორელები”-ს სტუმარია. რა პოზიციაზე დგას ამჟამად, როგორია მისი ხედვა ჩვენი რაიონის მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, აპირებს თუ არა მომავალ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ამ და სხვა კითხვებზე გვპასუხობს.

-ბატონო მამუკა, ალბათ ბევრმა რიგითმა მოსახლემ არ იცის ამჟამად სად მუშაობთ, სად მოღmamuka1ვაწეობთ. ვფიქრობ უინტერესო არ იქნებოდა მოგვიყვეთ თქვენი საქმიანობის შესახებ?

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო პროგრამით ადგილობრივი თვითმმართველობის დაპირებული რეფორმის განხორციელება დაიწყო. რამდენადააც გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება მქონდა ამ სფეროში, მიმიწვიეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩეველთა საბჭოში, რომელიც ახალი ორგანული კანონის შექმნაზე მუშაობდა. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიღების შემდეგ ამ სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტში დავიწყე მუშაობა, რომელიც ძირითადად რეფორმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაზე მუშაობს. ჩვენ ვსწავლობთ ამ სფეროში რეფორმების უცხოურ გამოცდილებას, საამისოდ ხშირად ჩავდივარ ევროპაში, ძირითადად, პოლონეთში,  და ვცდილობთ ის თანდათან დავნერგოთ საქართველოში, რომ მუნიციპალიტეტებმა რაც შეიძლება უფრო ეფექტურად შეძლონ მოსახლეობის პრობლემებზე რეაგირება. ჩვენი გამოცდილება კი სასარგებლოა უკრაინელი კოლეგებისათვის და მის გასაზიარებლად ბოლო პერიოდში ხშირად მიწევს კიევში ჩასვლა.

სულ ახლახანს პარლამენტმა დაამტკიცა ჩვენს მიერ მომზადებული ცვლილებები ამ კოდექსში და შეიცვალა ორგანული კანონის ის თავი, რომელიც ეხება თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობას. ყველა მუნიციპალიტეტში დამკვიდრდება მოქალაქეთა მონაწილეობის ახალი ფორმები, რომელთაგან მნიშვნელოვანია დასახლებებში საერთო კრებების ჩატარებისა და მათ მიერ უფლებამოსილი წარმომადგენლების – რჩეულების  არჩევის წესები. დასახლების მცხოვრებლებს საერთო კრებებზე შეეძლებათ მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე დასვან მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები, უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა მათ გადაწყვეტაში. მოსახლეობის ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში უზრუნველყოფილი იქნება როგორც პირდაპირ, ასევე არჩეული საზოგადოებრივი წარმომადგენლების საშუალებით.

გარდა ამისა, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისაგან მუნიციპალიტეტების გამგებლებთან შეიქმნება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოები, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ ბიზნესთან მუნიციპალიტეტის თანამშრომლობას. გაფართოვდა იმ საკითხების არეალი, რომლებზეც მოსახლეობას შეეძლება, მუნიციპალიტეტს პეტიციის მეშვეობით მოსთხოვოს აქტუალური პრობლემის შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება. კანონპროექტით, დაკონკრეტებული და გამარტივებულია პეტიციის წარდგენის პროცედურები. ფაქტიურად, მოსახლეობას შეეძლება მუნიციპალურ ორგანოებს მიმართოს ყველა პრობლემურ საკითხზე, მუნიციპალიტეტი კი ვალდებული იქნება, განიხილოს ეს საკითხი და საჯაროდ გასცეს პასუხი პეტიციის ინიციატორებს.

გარდა ამისა, ავსტრიული გამოცდილების ადგილზე შესწავლის შემდეგ, ჩვენ მოვამზადეთ „მაღალმთიანი რეგიონების შესახებ“ კანონი რომელიც ითვალისწინებს მაღალმთიანი დასახლებების  განვითარების ღონისძიებებს, ასეთ დასახლებებში მდებარე საწარმოებისთვის საგადასახადო შეღავათები დაწესდება, ხოლო იქ მუდმივად მცხოვრები მოსახლეობა სოციალური შეღავათებს მიიღებს. სამწუხაროდ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლები ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მაღლა არ მდებარეობენ და ეს შეღავათები ჩვენს მოსახლეობაზე არ გავრცელდება.

-უკვე 2 წელია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს ახალი თვითმართველობა უდგას სათავეში, ვფიქრობ ეს საკმარისი დროა თქვენისთანა გამჭრიახი თვალის და გონების ადამიანმა შეაფასოს მათ მიერ განვლილი პერიოდი, იმედი გვაქვს როგორც ჩვენი რაიონის ერთ-ეღი ცნობადი სახე ყურადღებით ადევნებთ თვალყურს მიმდინარე მოვლენებს…

ყველაზე თვალსაჩინო სიახლე, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიღებით შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში, არის გამგებლების პირდაპირი არჩევნები. შარშან თეთრიწყაროს მოსახლეობამ გააკეთა არჩევანი და, კონკურენტებთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობით, ბესიკ წიკლაური აირჩია გამგებლად. საკრებულოს არჩევნებშიც ყოფილი მმართველი პარტია, რომელიც 10 წელი მართავდა მუნიციპალიტეტს, სერიოზულად დამარცხდა. ბატონ ბესიკსაც და საკრებულოს წევრებსაც ვუსურვებ, გაემართლებინოთ თეთრწყაროელთა ნდობა.

-თქვენ რომ თეთრიწყაროს თავკაცი ყოფილიყავით, პირველ რიგში რას გააკეთებდით მოსახლეობის საკეთილდღეოდ?

მიუხედავად აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციისა, არასოდეს მქონია სურვილი, მეხელმძღვანელა მუნიციპალიტეტისათვის, ან მისი წარმომადგენელი ვყოფილიყავი. ასეთი ამბიციები არც მაშინ მქონდა, როცა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ სამჯერ დამიძახეს და მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებაზე თანხმობა მთხოვეს. ჩემს ფუნქციას მე ყოველთვის ვხედავ საზოგადოების დემოკრატიულად გარდაქმნის პროცესისათვის ხელშეწყობაში. სამწუხაროდ, პოსტკომუნისტური მენტალობა დღეს ჩვენში, მ.შ. თეთრიწყაროში, ხელს უშლის პროგრესს, ადგილზე ფაქტიურად არ არსებობს სამოქაmamukaლაქო საზოგადოება. ეს აისახება კიდეც მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე, რისი შედეგიცაა უმუშევრობის მაღალი დონე და კულტურული ცხოვრების არარსებობა. თუ თეთრწყაროელებს სურთ უკეთესი მომავალი, ხელი უნდა შეუწყონ ადგილობრივ ხელისუფლებაში ახალი, პროგრესულად მოაზროვნე თაობის მოსვლას, მანამდე, პირდაპირ გეტყვით, არაფერი გვეშველება.

-რაიონში დღეისათვის კვლავ პრობლემად რჩება უმუშევრობა, დაბალი სოციალური ფონი. რას ფიქრობთ როდემე გვეშველება რამე?

არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეს“ პროექტში „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ ტრენერ-კონსულტანტად ვიყავი მიწვეული და, რა თქმა უნდა, ხალისით დავეხმარე სტუდენტების იმ გუნდს, რომლებმაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მდგომარეობა შეისწავლეს. ჩემი ხედვები,  თუ როგორ უნდა განვითარდეს ტურიზმის სფერო ადგილობრივი რესურსების გამოყენებით, დიდწილად აისახა მათ მიერ მომზადებულ პროექტში, რომელმაც კონკურსში გაიმარჯვა. სტუდენტები თეთრიწყაროში ამ პროექტის პრეზენტაციას შემოდგომაზე გააკეთებენ, სადაც ბიუჯეტის ცვლილებების კონკრეტული წინადადებები ექნებათ, რომლებითაც არსებული სახსრების ისეთი ოპტიმალური გამოყენება იქნება შესაძლებელი, რომ მუნიციპალიტეტში გადაწყდეს სასმელი წყლით მომარაგების პრობლემა, ასევე, ტურიზმის განვითარებისათვის საფუძველი შეიქმნას.

იმედია, ადგილობრივი ხელისუფლება ამ ხედვას გაითვალისწინებს. არც შემდგომში დავზარდები რჩევების მიცემაზე, თუ როგორ შეიძლება სამომავლოდ განვითარდეს ადგილობრივი ეკონომიკა. მაგრამ საამისოდ შესაფერისი საკადრო რესურსია საჭირო, რომელიც წინა ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად, ფაქტიურად, აქედან გადაიხვეწა და თუ ახლანდელმა მაინც არ შეუწყო ხელი ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდების დაბრუნებას და ადგილზე დამკვიდრებას, ეს იდეები მხოლოდ ოცნებად დარჩება.                                                                                                           

-კიდევ ერთი წელიც და საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადება აქტიურ ფაზაში შევა, რას ფიქრობთ ხომ არ აპირებთ მონაწილეობას და რომელ პარტიაში შეიძლება ვიხილოთ მამუკა აბულაძე?

მე ვისურვებდი, მომავალში მუნიციპალიტეტს სათავეში ჩაუდგეს ჩემი უფროსი ვაჟის, გიორგის თაობა, რომელიც აგრძელებს ჩემს საქმეს და წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. მიხარია, რომ ის არ იფარგლება მხოლოდ კარგ პროფესიონალ ექიმად ჩამოყალიბების მიზნით და ასევე გამოირჩევა თავისი საზოგადოებრივ-პოლიტიკური  აქტიურობით. წელს საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს და მეც ვცდილობ მის გვერდში ვიყო, ასე რომ, დღესდღეობით სხვებთან შედარებით უფრო პროგრესულად მოაზროვნეთა პარტიაში – რესპუბლიკელებში ვარ. მიუხედავად იმ მონაჩმახისა, რასაც პრორუსული პროპაგანდა ამ პარტიაზე თხზავს და ხალხში ავრცელებს, მინდა გითხრათ, რომ მათში ჩვენი სამშობლოს უკეთეს მომავალზე არაეგოისტურად გულშემატკივარი გაცილებით მეტი ადამიანი ვნახე, ვიდრე სხვაგან.

როგორც პარტიაში, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აღმოვჩნდი ძალიან კარგ გუნდში, თანამოაზრეებთან და ძალზე გულისხმიერ ადამიანებთან,  რაც ჩემთვის ძალიან ძვირფასია და მომავალში არ ვისურვებდი ამ ურთიერთობების კომფორტის დაკარგვას, ამიტომ არა მგონია, რაიმე სხვა პერსპექტივამ ისე მომხიბლოს, რომ ამას შეველიო. რა თქმა უნდა, მაქვს ნოსტალგია როგორც ჩემი პროფესიის, ისე თეთრიწყაროს მიმართ, მაგრამ დღევანდელი  დროის დინამიურობის გათვალისწინებითაც კი ვეჭვობ, რომ უახლოეს მომავალში დაბრუნება დავაპირო.

ესაუბრა ნინო ბექაური

წყარო: https://gazetididgorelebi.wordpress.com/2015/07/20/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90/

Advertisements

0 Responses to “მამუკა აბულაძე-ხელი უნდა შეუწყონ ადგილობრივ ხელისუფლებაში ახალი, პროგრესულად მოაზროვნე თაობის მოსვლას, მანამდე, პირდაპირ გეტყვით, არაფერი გვეშველება.”



  1. კომენტარის დატოვება

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s




ბლოგის სტატისტიკა

  • 17,019 მნახველი
Follow თეთრიწყარო on WordPress.com

სტატიები

არქივი

Advertisements

%d bloggers like this: