Archive for the 'ეკოლოგია' Category

თეთრწყაროელებს რკინიგზის ხმაური არ შეაწუხებს

თბილისი–ახალქალაქი–ყარსის საერთაშორისი რკინიგზა, რომლის მშენებლობა ამჟამად მიმდინარეობს, ქ.თეთრიწყაროსა და ქ. წალკის მახლობლად გადის. ტვირთბრუნვის ზრდასთან ერთად გაიზრდება ხმაური, რომლის ინტენსივობა დასაშვებ ნორმას გადააჭარბებს ლიანდაგთან ახლოს მდგომ საცხოვრებელ სახლებში.
2007 წელს ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „მწვანე კავკასია“ სთხოვა ოპერატორ კომპანიას (შპს „მარაბდა–კარწახის რკინიგზა“), პროექტირებისას გაეთვალისწინებინათ მოსახლეობის ხმაურისგან დაცვის ღონისძიებები, კერძოდ, რკინიგზასა და საცხოვრებელ უბნებს შორის გაშენებულიყო მწვანე ნარგავების ზოლი, ლიანდაგთან ახლოს მყოფ სახლებში დამონტაჟებულიყო მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯრები. მოქმედი კანონმდებლობა ინვესტორს არ ავალდებულებდა საზოგადოებასთან კონსულტაციებს პროექტის შედგენის სტადიაზე, მიუხედავად ამისა, „მწვანე კავკასიას“ მოსაზრებების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში გათვალისწინების აუცილებლობაზე მითითება საპროექტო ორგანიზაციას თავად შპს „მარაბდა–კარწახის რკინიგზის“ ხელმძღვანელობამ მისცა. პროექტის შედგენისას (სკოპინგის ეტაპზე) საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების ამგვარი პრაქტიკა საქართველოში არ არსებობს, „მსოფლიო ბანკის“ და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების დაფინანსებით მიმდინარე პროექტებიც კი მხოლოდ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვით შემოიფარგლებოდნენ.
„მწვანე კავკასიამ“ ითანამშრომლა დამპროექტებელ ორგანიზაციასთან და მისი მოსაზრებები აისახა პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში, რომლის საჯარო განხილვა გაიმართა ქ.თეთრიწყაროში 2008 წლის ნოემბერში. აღნიშნული დოკუმენტით რკინიგზამ აიღო ვალდებულება, თეთრიწყაროში გააშენოს 2300 მ, ხოლო წალკაში 2645 მ სიგრძისა და 15 მ სიგანის გამწვანების ზოლი ლიანდაგზა და საცხოვრებელ უბნებს შორის, ლიანდაგიდან 155 მ მანძილზე მყოფ სახლებში კი დაამონტაჟოს მეტალოპლასტმასის ფანჯრები (თეთრიწყაროში 347 კვ.მ, წალკაში 185 კვ.მ.) რკინიგზიდან მომავალი ხმაურის ტალღის მხრიდან. ხმაურის დაცვის ღონისძიებების ღირებულება, 2008 წლის განფასებით, 762 920 აშშ დოლარს შეადგენს.
როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ეს სამუშაოები უკვე ასახულია პროექტის ხარჯთაღრიცხვაში. რკინიგზიდან ხმაურის ემისიის შესამცირებლად ამგვარი ღონისძიებები, მარაბდა–კარწახის რკინიგზის შემდეგ, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტშიც იქნა გათვალისწინებული.

მამუკა აბულაძე

წყარო:www.facebook.com/pages/მწვანე-კავკასია-Green-Caucasus/125143854182446


ბლოგის სტატისტიკა

  • 18,769 მნახველი
Follow თეთრიწყარო on WordPress.com

სტატიები

არქივი